Facebook Twitter

ას-191-182-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ჯ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-ძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 31 ოქტომბერს ა. ჯ-ძემ დაარღვია რა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მოთხოვნები, თავისი ავტომანქანით დაეჯახა მოსარჩელის “მერსედეს-ბენცის” მარკის მიკროავტობუსს და სხეულის დაზიანებები მიაყენა როგორც ა. კ-ძეს, ისე მის მეუღლე მ. ღ-ძეს. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია მენჯის ძვალზე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა, ხოლო მისი მეუღლე ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს თავისი სასარჩელო მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით არ დაუსაბუთებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ჯ-ძეს ა. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 9470 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჯ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 378 ლარის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით მას ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგძელდა, ა.ჯ-ძის შუამდგომლობა კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2010 წლის 14 იანვარს ჩაბარდა მის დას _ ი. ჯ-ძეს. სააპელაციო პალატამ იხელმძღანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებით და სასამართლო გზავნილის მხარის დისათვის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის ჩაბარებად ჩათვალა. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მეორე ნაწილის შესაბამისად, პალატამ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2010 წლის 15 იანვრიდან და მიუთითა, რომ იგი ამოიწურა 25 იანვარს, რადგან ვადის ამოწურვის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ჯ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: რეალობას არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მითითება, რომ ა.ჯ-ძემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დარღვევით ხარვეზი ვადაში არ გამოასწორა. ფაქტობრივად მხარემ სახელმწიფო ბაჟი დროულად _ 2010 წლის 22 იანვარს გადაიხადა, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ამავე ვადაში სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება მხარეს კანონით არ ეკისრება. ამასთან, ა.ჯ-ძემ ქვითარი ვერ წარადგინა სასამართლოში 2009 წლის 19 დეკემბერს მამის გარდაცვალების გამო 40-დღიანი გლოვის მიზეზით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

სააპელაციო პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ა.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით მითითებული ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდად კიდევ 10 დღით გაუგრძელდა.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2010 წლის 14 იანვარს ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინება ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარდა აპელანტის დას _ ი. ჯ-ძეს.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინება აპელანტ ა. ჯ-ძეს 2010 წლის 14 იანვარს ჩაბარდა და სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ა.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ხარვეზის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაავალა 10 დღის ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა ა.ჯ-ძეს არ ევალებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმითაა მითითებული, რომ “აპელანტმა _ ა. ჯ-ძემ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ ვადაში _ 10 დღეში, სააპელაციო სასამართლოში უნდა წარმოადგინოს 378 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი”. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, კერძო საჩივრაზე დართული ქვითრით დასტურდება ა.ჯ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 22 იანვარს 378 ლარის გადახდის ფაქტი, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან მხარეს მითითებული ქვითარი დროულად სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ა.ჯ-ძის არგუმენტს, რომ მან სადავო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სააპელაციო პალატას საპატიო მიზეზით _ მამის გარდაცვალების გამო ვერ წარუდგინა. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ აპელანტის მამა _ ზ.ჯ-ძე გარდაიცვალა 2009 წლის 19 დეკემბერს, 2010 წლის 22 იანვარს კი მხარემ სს “საქართველოს ბანკში” გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, მხარის მიერ დასახელებული გარემოება არ ადასტურებს, რომ 2010 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვალით პერიოდში ა.ჯ-ძეს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა არ შეეძლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში ა. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა რა განუხილველად, მას უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 22 იანვარს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 378 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ა. ჯ-ძეს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 378 ლარი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.