Facebook Twitter

¹ას-19-18-10 18 მარტი 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –მ. რ-ძე(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე- ჯ. ჟ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ჟ-იანის, მზიული ნებიერიძისა და დ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელი მოპასუხისათვის ქირის დაკისრებისა და წილების განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება ჯ. ჟ-იანის, მ. ნ-ძის, დ. ქ-ძის და მ. რ-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, ბინაზე ¹31-ში, მდებარე ქ.თბილისში ... 1ა კორპუსი, მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა გადანაწილდა მხარეთა შორის მათი წილების (თითოეულის 1/4 )შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება აპელანტს მ. რ-ძეს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 22 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით.

ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2009 წლის 2 ნოემბერს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტი მხარის მ. რ-ძის მიერ არ იქნა გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. რ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან შეავსო ხარვეზი, ხოლო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ვალდებულებაზე არსად იყო მითითება, რის გამოც არ იცოდა სასამართლოში ქვითრის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს მ. რ-ძეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა (10 დღე) და დაევალა მოცემულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის ოდენობით გადახდა და აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა.

სააპელაციო პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტს მ. რ-ძეს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 22 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით (ტ.2, ს.ფ.21)

შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2009 წლის 2 ნოემბერს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, მ. რ-ძის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან შეავსო ხარვეზი, ხოლო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ვალდებულებაზე არსად იყო მითითება, რის გამოც არ იცოდა სასამართლოში ქვითრის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის განჩინების დადგენილებით ნაწილში მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სასამართლოში, რასაც ადგილი არ Fჰქონია, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 04 ნოემბრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. რ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.