საქმე #080100118002567874
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №219აპ-19 ქ. თბილისი
ჭ–ა გ., 219აპ-19 30 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჭ–ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ჭ–სიას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჭ–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
გ. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე პერიოდში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი გ. ჭ–ა დაახლოებით თვეში ერთხელ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის შვილს, ა. ჭ–ს, კერძოდ: ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ა. ჭ–ა განიცდიდა ტანჯვას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითგ. ჭ–ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. ჭ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
საქართველოს სსსკ-ის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. ჭ–ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გ. ჭ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს მოცემულ შემთხვევაში არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ჭ–ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ ქმედებაში, კერძოდ: წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულმა ა. ჭ–მ და მოწმე გ. ჭ–მ გამოიყენეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის, მამის - გ. ჭ–ს წინააღმდეგ, ხოლო სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების - გამომძიებლისა და პატრულ-ინსპექტორის ჩვენებები, ირიბია და, ამდენად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ ა. ჭ–ს მიერ მისივე ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, არც მითითებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება გ. ჭ–ს მიერ ა. ჭ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი