ას-200-190-10 30 აპრილი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მა. ს-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 17 ნოემბერს მა. ს-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. ს-ძის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ს-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ს-ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 17 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და უარის თქმა ალიმენტის გაზრდაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ძეს არასრულწლოვანი შვილების _ რ. და ლ. ს-ძეების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თითოეულზე 20 ლარი, სულ 40 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 17 ნოემბერს მა. ს-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. ს-ძის მიმართ არასრულწლოვანი შვილების _ ლ. და რ. ს-ძეების სასარგებლოდ თითოეულისათვის ალიმენტის 150 ლარის დაკისრების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ალიმენტი 150 ლარის დაკისრება მოითხოვა, მხოლოდ ლ. ს-ძის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მ. ს-ძის მიერ იმ მოთხოვნით, რომ უარი ეთქვას მოსარჩელეს ალიმენტის გაზრდაზე, ესე იგი, აპელანტის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მასზე გაზრდილი ალიმენტის (100-20=80) დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ს-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განჩინება არასწორი და უკანონოა, კერძოდ, 2010 წლის 4 თებერვლის განჩინების მე-2 გვერდის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ვინმე ა. ჯ-ძის მიერ იმ მოთხოვნით, რომ უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის გაზრდაზე. მისთვის უცნობია, ვინ არის ა. ჯ-ძე და რა კავშირი აქვს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივართან, ასევე ის ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას არა ალიმენტის გაზრდის, არამედ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება მიღებულია ვინმე ა. ჯ-ძის საქმის მასალების მიხედვით და ცალსახად ნათელია, რომ განჩინება უკანონოა თვით აღწერილობით, სამოტივაციო ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ს-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ს-ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 17 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევში, დავის საგნის ფასი შეადგენს (80X12=960) 960 ლარს, აღნიშნული კი არ აღემატება სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო მ. ს-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.