გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-1220-795(კ-05) 20 აპრილი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
სოფ. ნატანების საკრებულოს 29.06.95წ. ¹65 დადგენილების (ოქმი ¹4) საფუძველზე კასატორ (მოპასუხე) მ. დ-ს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 14.04.97წ. ¹1044 აქტით, საკუთრებაში გადაეცა 0,9 ჰა სარეფორმო მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,15 ჰა ციტრუსი. სოფ. ნატანების საკრებულოს იმავე დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე თ. ც-ს ¹967 მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით 10.06.95წ. საკუთრებაში გადაეცა 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის‚ 0,3 ჰა «ბჟოლის ხევში”. იმავე დადგენილების თანახმად‚ 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა მოპასუხე იური დ-ს, მათ შორის‚ 0,11 ჰა ციტრუსი. ნატანების საკრებულოს გამგეობის 27.03.95წ. ¹3 გადაწყვეტილებით (ოქმი ¹2) დ-ებისა და თ. ც-ის კომლებს მიენიჭათ პირველი კატეგორია.
02.05.02წ. მოწინააღმდეგე მხარემ, თ. ც-მ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ი. დ-ისა და სოფ. ნატანების მიწის რეფორმის კომისიის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ი. დ-ისათვის გადაცემული 0,3 ჰა მიწის ფართობის, რომელზეც ციტრუსია გაშენებული, ასევე‚ მისთვის გადაცემული 0,2 ჰა მიწის ნაკვეთის, რომელიც მოპასუხეს აქვს მიტაცებული, მისთვის მიკუთვნება:
მოსარჩელის მითითებით, მიწის რეფორმამდე მის კომლს ეწერა 0,4 ჰა მიწის ნაკვეთი. სოფ. ...ის მშრომელთა ყრილობის გადაწყვეტილებით პირველი კატეგორიის კომლს განესაზღვრა ზღვრული ნორმა _ 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი, ამიტომ მის კომლს მიწის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთრებაში დამატებით უნდა გამოჰყოფოდა 0,5 ჰა ფართობი. მოსარჩელემ, სარეფორმო ნაკვეთის შევსების მიზნით, მოითხოვა მისი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ არსებული თავისუფალი ნაკვეთი, რომელიც სწორედ 0,5 ჰა ფართობისაა, მაგრამ მასზე პრეტენზია გამოთქვა ქ. ბათუმში მცხოვრებმა მოპასუხე ი. დ-მა, რომელიც 1991 წელს, მოსარჩელის აზრით, უკანონოდ გამოყვეს ძირითადი კომლიდან, მაგრამ 1992 წელს კომისიის გადაწყვეტილებით კვლავ შერწყმულ იქნა ძირითად კომლთან. დავის შესასწავლად შეიქმნა სპეციალური კომისია და 02.06.94წ. მიმართვით სოფ. ნატანების მიწის რეფორმის კომისიას მიეთითა, რომ თ. ც-ის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მას უნდა მიეზომოს მის მიმდებარედ დ-ების მიერ თვითნებურად მისაკუთრებული საპლანტაციო გზის ზედა ნაწილი, ხოლო გზის მეორე მხარეს მდებარე ნაკვეთი, რომელიც დ-ების საკარმიდამოს გაგრძელებაა, შესაძლებელია მიეზომოს დ-ებს. მიუხედავად მითითებისა, სოფლის სარეფორმო კომისიამ მოსარჩელის მიმდებარე 0,5 ნაკვეთიდან მას 0,2 ჰა მიაკუთვნა, ხოლო 0,3 ჰა ციტრუსით გაშენებული ნაკვეთი გამოეყო დ-ს, სამაგიეროდ მოსარჩელეს 0,3 ჰა შეუვსეს ე.წ. «ბჟოლისხევში”, რომელიც 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მოსარჩელე არის მარტოხელა‚ ხანდაზმული, ამიტომ აღნიშნული ნაკვეთი მისთვის გამოუყენებელია. მოსარჩელის მითითებით, მისთვის გამოყოფილი 0,2 ჰა სარეფორმო მიწის ნაკვეთი მოპასუხემ უკანონოდ მიითვისა და სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. ვინაიდან სადავო ნაკვეთი ადრეულ წლებში მის ოჯახს ეკუთვნოდა, მოსარჩელემ მოითხოვა ი. დ-ისათვის უკანონოდ მიკუთვნებული 0,3 ჰა ფართობის მისთვის გადაცემა და მოპასუხის მიერ ასევე უკანონოდ მიტაცებული 0,2 ჰა ნაკვეთის დაბრუნება. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა «ბჟოლისხევში» მისთვის მიკუთვნებული 0,3 ჰა საყანე ფართობის სახელმწიფოსათვის დაბრუნება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.05.02წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ი. დ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹1045 აქტი, რაც ი. დ-ის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.12.02წ. განჩინებით და განახლდა საქმის წარმოება. ვინაიდან სადავო ტერიტორიის ნაწილი მოპასუხის ი. დ-ის დის მ. დ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტშიც იყო გათვალისწინებული, თ. ც-ემ დამატებით მოითხოვა მ. დ-ის სახელზე გაცემული ¹1044 მიღება-ჩაბარების აქტიდან სადავო ნაკვეთის 0,15 ჰა ამოღება და ამ ნაწილში აქტის ბათილად გამოცხადება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 30.05.03წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო მ. დ-ი.
მოპასუხე _ ი. დ-მა და თანამოპასუხედ ჩაბმულმა მ. დ-მა სარჩელი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან 0,3 ჰა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსია გაშენებული 1948 წლიდან, როგორც ნასახლარი, კოლმეურნეობის მიერ გადაეცა მათ მამას, აწ გარდაცვლილ გ. დ-ს, რომელმაც გააშენა ციტრუსის ბაღი. ამდენად, ვინაიდან, სადავო ფართი მათ ოჯახზე იყო გაპიროვნებული, მოპასუხეების აზრით, მათ ჰქონდათ უპირატესი უფლება და სარეფორმო კომისიამ მართებულად მიაკუთვნა მათ სადავო ნაკვეთი.
მოპასუხე ი. დ-მა 23.02.03წ. შეგებებული სარჩელი აღძრა თ. ც-ის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზარალის სახით 500 ლარის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო 1999 წელს თ. ც-ის მიერ 47 ცალი აკაციის ბოძის ამოთხრითა და 350 მ. კბილიანი მავთულის ღობის მოხსნით.
გურიის მხარის მიწის მართვის სამმართველოს 23.04.03წ. განმარტებით სადავო ნაკვეთზე გაშენებული ციტრუსის ნარგავები მიწის რეფორმამდე იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა მ. დ-ს. აღნიშნული ნაკვეთიდან 2219 კვ.მ წარმოადგენს მოსარჩელე თ. ც-ის და მისი დის ც. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიას და სწორედ მიეკუთვნა თ. ც-ს. ი. დ-ის ოჯახი კი მიეკუთვნება მიწათმოსარგებელთა მე-3 კატეგორიას, რის გამო ნაცვლად 0,8 ჰა ნაკვეთისა, უნდა მიზომოდა 0,25 ჰა. განმეორებითი შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ სადავო 0,3 ჰა მიწის ნაკვეთიდან, რომელზედაც ციტრუსებია გაშენებული, 1630 კვ.მ (ნაკვეთი 8) არის მ. დ-ის საკუთრება, ხოლო 1311 კვ.მ (ნაკვეთი 9) _ ი. დ-ის საკუთრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. დ-ს ჩამოერთვა მიწის მიღება-ჩაბარების ¹1044 აქტით მიკუთვნებული 1630 კვ.მ ციტრუსის ბაღი და გადაეცა მოსარჩელეს; 1311 კვ.მ ციტრუსის ბაღი ასევე ჩამოერთვა მოპასუხე ი. დ-ს და გადაეცა მოსარჩელეს; ი. დ-ს, როგორც მესამე კატეგორიის კომლს, მიეცა 2500 კვ.მ ნაკვეთი; სასამართლომ დაადგინა. რომ მ. დ-ის მიწის ნაკვეთის შევსება უნდა მოხდეს ი. დ-ისათვის ზედმეტად მიკუთვნებული ნაკვეთიდან; სასამართლოს გადაწყვეტილებით ცვლილებები უნდა შევიდეს მხარეთა სახელზე გაცემულ მიწის მიღება-ჩაბარების აქტში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. დ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.02.04წ. განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რამდენადაც ი. დ-ს ნაცვლად 8000 კვ.მ –სა ეკუთვნის 2500 კვ.მ, ხოლო სადავო 0,3 ჰა წარმოადგენს ერთ მთლიანს, რომლის ნაწილი 1630 კვ.მ. იყო მ. დ-ის, ხოლო მეორე ნაწილი 1311 კვ.მ. ი. დ-ის, სადავო ნაკვეთი მთლიანად სწორად მიეკუთვნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ თ. ც-ეს.
აღნიშნული განჩინება მ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.03.05წ. განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.02.04წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.06.05წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. გადაწყვეტილება მ. დ-ისათვის 1630 კვ.მ ციტრუსის ბაღის ჩამორთმევის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-ი მიეკუთვნება მიწის მოსარგებლეთა პირველ კატეგორიას. სოფ. ...ში პირველი კატეგორიის კომლთათვის მიწის ნაკვეთის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 0,9 ჰა. მ. დ-ს 1995 წელს გადაეცა და დღეისათვის საკუთრებაში აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი – 4683 კვ.მ (ნაკვეთი ¹6), ჩაის პლანტაცია – 2817 კვ.მ (ნაკვეთი ¹7) და ციტრუსის ბაღი – 1630 კვ.მ (ნაკვეთი ¹8), სულ 9130 კვ.მ, საიდანაც 2000 კვ.მ დამეწყრილია. აღნიშნული ნაკვეთების გადაცემა მოხდა 14.04.97წ., ¹1044 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტის მიხედვით სარეფორმო მიწები საკუთრებაში გადაიცემოდა შემდეგი რიგითობით: I. სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეებზე ანუ I კატეგორიის კომლებზე; II. სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე; III – სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებზე, რომლებიც არ იყვნენ დასაქმებულნი სოფლის მეურნეობაში. ამდენად, მიწის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით პირველ რიგში გადაიცემოდა პირველი კატეგორიის კომლებს, რომელსაც მიეკუთვნებოდა მ. დ-ის კომლი. თ. ც-ე მიეკუთვნებოდა მოსამსახურეთა კატეგორიას – მუშაობდა ...ის ბიბლიოთეკის ...ედ. მიუხედავად ამისა, იგი სოფ. ნატანების საკრებულოს 27.03.95წ. გადაწყვეტილებით პირველი კატეგორიის კომლად იქნა აღიარებული და 10.06.95წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 9000 კვ.მ მიწის ფართობი, აქედან 3000 კვ.მ საყანე ფართობი _ «ბჟოლხიდაში”.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ 3000 კვ.მ საყანე ფართობი თ. ც-ის განმარტებით მდებარეობს მისი საკარმიდამო ნაკვეთიდან შორს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ამუშავებს აღნიშნულ ფართობს, ვერ შეცვლის საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ. ც-ს მიწის რეფორმის შედეგად მიღებული აქვს ნაკვეთები მისი კატეგორიისათვის დადგენილი ზღვრული ნორმის ფარგლებში. მით უფრო, ხსენებული გარემოება ვერ გახდება სხვა მიწის მესაკუთრისათვის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის საფუძველი. ამასთან, 9000 კვ.მ ზევით თ. ც-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაეცა ი. დ-ის ¹1045 მიწის მიღება-ჩაბარების აქტიდან ამორიცხული 1311 კვ.მ ციტრუსის ბაღი. ამდენად, მას ზღვრულ ნორმაზე მეტი მიწის ფართობი ჰქონდა საკუთრებაში და დამატებითი ნაკვეთის გამოყოფას არ საჭიროებდა. ამასთან, არ არსებობს მ. დ-ისათვის 1630 კვ.მ ციტრუსის ბაღის ჩამორთმევის საფუძველი, რადგან იგი პირველი კატეგორიის კომლია და მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთი ზღვრული ოდენობის ფარგლებში და ის გარემოება, რომ მ. დ-ი ფაქტობრივად ფლობს არა 9000 კვ.მ-ს, არამედ 9130 კვ.მ-ს, კანონის მოთხოვნას არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან მის მფლობელობაში არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დამეწყრილია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ც-ს, როგორც მოსამსახურის კომლს, 1995 წელს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე მიენიჭა პირველი კატეგორიის კომლის სტატუსი, რადგან იმ კატეგორიის კომლები, როგორსაც თ. ც-ის კომლი განეკუთვნებოდა, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. ¹66 დადგენილებით გაუთანაბრდნენ პირველი კატეგორიის კომლებს. მისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებულია 29.06.95წ. ¹65 დადგენილება, რომელიც არ ეხება კომლისათვის მიწის გამოყოფას. შესაბამისად არ არსებობდა თ. ც-ისათვის 1995 წელს 9000 კვ. მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. დ-ი სადავო 1630 კვ.მ ციტრუსის ბაღს რეფორმამდე ამუშავებდა, იგი ჯერ კიდევ მის მშობლებს ჰქონდათ გაპიროვნებული. ამდენად, საფუძვლიანად მოხდა ნაკვეთის შევსება მ. დ-ისათვის რეფორმით გათვალისწინებული ნორმის ფარგლებში, ხოლო თ. ც-მ სადავო ციტრუსის ბაღის ჩამორთმევა და მისთვის გადაცემა მოითხოვა ე.წ. მიმდებარეობის პრინციპიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული პრინციპით მიწის ნაკვეთის გამოყოფას კანონი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თ. ც-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ყურადღება არ გაამახვილა საქმეში არსებული მიწის მართვის სამმართველოს 23.04.03წ. მიმართვაზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოსადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი. დ-ის ოჯახი მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა მე-3 კატეგორიას, 19.01.99წ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მიეკუთვნა 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საკუთრების უფლებით დაკანონებას ნორმის შესაბამისად 2500 კვ.მ. ექვემდებარება. ამავე მიმართვაში მითითებულია, რომ სადავო საკითხი კომპეტენტური კომისიის მიერ არაერთხელ იქნა შემოწმებული. აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთი 2003 წელს ი. დ-ს ჰქონდა მიკუთვნებული და გაუგებარია როგორ აღმოჩნდა საქმეში მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სადავო ნაკვეთის ნაწილი არა სხვა ვინმეს, არამედ ი. დ-ის დას მ. დ-ს აქვს მიკუთვნებული 1997 წელს.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ი. დ-ის 01.01.03წ შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ ი. დ-ს უკანონოდ გადასცეს მიწის ნაკვეთი, ხოლო 2003 წელს მიწა გაყალბებული აქტით მის დას – მ. დ-ს გადააწერეს. ამასთან, მიწის რეფორმა დამთავრდა 01.01.99წ და 2003 წელს მხოლოდ კანონის დარღვევით შეიძლებოდა ამ აქტის დამზადება.
კასატორი აღნიშნავს, რომ «სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს თუ ვინ შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად მ. დ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე (არ არის რეგისტრირებული მის მიერ მითითებულ მისამართზე და არ არსებობს მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი) და შეუძლებელია იგი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე იყოს. საქმეში არსებული 09.11.01წ. წერილით სომხეთის რესპუბლიკის ტაშირის რაიონის სოციალური დაზღვევის საოლქო სამმართველო ოზურგეთის რაიონის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალს სთხოვს მ. დ-ის საპენსიო საქმეს, კასატორის მოსაზრებით აღნიშნული მიუთითებს, რომ მ. დ-ი შესაძლოა არ იყოს საქართველოს მოქალაქე.
კასატორი აღნიშნავს, რომ იგი 1968-1992 წ.წ. მუშაობდა სოფ. ნატანების კოლმეურნეობაში. აღნიშნულს ადასტურებს სოფ. ნატანების კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრის-სს «ნატანების” 11.06.03წ. ¹196 ცნობა, რომელშიც წლების მიხედვით არის ჩამოწერილი თუ რა ოდენობის ანაზღაურებას ღებულობდა იგი როგორც კოლმეურნე. ასევე, სოფ. ნატანების გამგეობის 15.01.04წ. ¹18 ცნობის მიხედვით მასზე განპიროვნებული იყო 3000 კვ.მ ჩაის პლანტაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ც-ს მიმდებარეობით გადაეცა თავდაპირველად ი. დ-ისათვის გამოყოფილი 1311 კვ.მ. მანდარინის პლანტაცია, ხოლო ი. დ-ს მიეცა მესამე კატეგორიის კომლისათვის კუთვნილი 2500 კვ.მ. ნაკვეთი. ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, ის გარემოება, რომ გურიის მიწის მართვის სამმართველოს მიმართვით ი. დ-ის ოჯახი განეკუთვნებოდა მიწათმოსარგებლეთა მესამე კატეგორიას არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, მ. დ-ზე მანდარინის პლანტაციის დარჩენილ ნაწილზე 2003 წელს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. დ-ის კომლი პირველი კატეგორიის კომლს განეკუთვნება, მ. დ-ი და მისი მშობლები იყვნენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, სოფლის მუდმივი მაცხოვრებლები, რომლებსაც ათეული წლების მანძილზე გაპიროვნებული ჰქონდათ და ამუშავებდნენ ციტრუსებით დაკავებულ სადავო ნაკვეთს, რაც საკასაციო პალატის აზრით ნაკვეთის მიკუთვნების პატივსადებ მოტივს წარმოადგენს. თ. ც-ს სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის განმავლობაში არ განუცხადებია საბუთის – მ. დ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის, აქტის 2003 წელს შედგენის შესახებ. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. საქმის მასალებით დასტურდება და საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. დ-ს მიწის ნაკვეთი გამოეყო 14.04.97წ. ¹1044 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით, ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. დ-ს სადავო ნაკვეთი 2003 წელს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა.
«საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტის მიხედვით, სარეფორმო მიწები საკუთრებაში გაიცემოდა კომლების კატეგორიების მიხედვით, მიწის ნაკვეთები პირველ რიგში გაიცემოდა პირველი კატეგორიის კომლებისათვის. სსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ც-ის კომლი განეკუთვნებოდა მოსამსახურის კომლს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ც-ე მუშაობდა ...ის ბიბლიოთეკის ...ედ. აღნიშნული დასტურდება სოფ. ნატანების მიწის ზონარგაყრილი წიგნით, რომლის მიხედვით თ. ც-ის კომლი 1990წ. მდგომარეობით წარმოადგენდა მოსამსახურის კომლს, სამუშაო ადგილად მითითებულია ჯაფარეულის ბიბლიოთეკა, თანამდებობა-გამგე. ამდენად, მიწის რეფორმის დაწყებისას იგი მოსამსახურეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, თ. ც-ის კომლი «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილებით გაუთანაბრდა პირველი კატეგორიის კომლს. დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად‚ სოფლად მცხოვრები მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გათანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და მათ შესაძლებლობის შემთხვევაში გამოეყოფოდათ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, თ. ც-ს პირველი კატეგორიის კომლებისათვის დადგენილი ზღვრული ნორმით შეევსო მიწის ნაკვეთი. ხსენებული დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით საკუთრების უფლება არ ვრცელდება იმ კომლთა მიწებზე, რომელთაც მიწის რაიმე ნაკვეთი მიღებული აქვთ მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების დარღვევით. ამდენად ის გარემოება, რომ ნატანების საკრებულოს გამგეობის 27.03.95წ. გადაწყვეტილებით კასატორის კომლისათვის პირველი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული არ უსპობდა სააპელაციო პალატას, საკასაციო სასამართლოს 01.03.05წ. განჩინებაში მოცემული მითითების შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას მ. დ-ის კომლისათვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ ხსენებული სიის თანახმად პირველი კატეგორიის კომლად თ. ც-სთან ერთად უსწოროდ არის მითითებული აგრეთვე ი. დ-იც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კასატორისათვის გამოყოფილი საყანე ნაკვეთის (3000 კვ.მ.) საკარმიდამოდან მოშორებით გამოყოფა ვერ იქცევა სხვა მიწის მესაკუთრისათვის ნაკვეთის ჩამორთმევის და მისთვის გადაცემის საფუძველი.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. დ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე. საქმეში დაცულია მ. დ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რაც უტყუარად ადასტურებს. რომ მ. დ-ი საქართველოს მოქალაქეა. საქმეში არ მოიპოვება მ. დ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან დაკარგვის, მოქალაქეობის შეწყვეტის «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მოქალაქეობიდან გასვლას არ ადასტურებს რეგისტრაციის არ ქონა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება («საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხ.), რეგისტრაციის არ ქონა არ შეიძლება გახდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა («საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის 2.3 მუხ.). ამდენად, მიწის რეფორმის პროცესში მ. დ-ისათვის სადავო ნაკვეთის გადაცემით არ დარღვეულა «სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყვეტილება აუქმებს რა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.06.03წ. გადაწყვეტილებას, არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას თ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ც-ის სარჩელი მ. დ-ისათვის 1630 კვ.მ. ციტრუსის ბაღის ჩამორთმევის და მისი თ. ც-ისათვის გადაცემის, ამ მიმართებით მიღება-ჩაბარების აქტებში ცვლილებების შეტანის ნაწილში არ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 249-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. თ. ც-ის სარჩელი მ. დ-ისთვის ¹1044 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 1630 კვ.მ. ციტრუსის ბაღის ჩამორთმევის და მისი თ. ც-ისათვის გადაცემის, ამ მიმართებით მიღება-ჩაბარების აქტებში ცვლილებების შეტანის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. თ. ც-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.