¹ას-20-15-2011 10 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხულოს მუნიციპალიტეტის სსიპ რიყეთის საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს _ 44.23 ლარის მის მიერ წარსულში დაკავებულ თანამდებობაზე არსებული ხელფასის ოდენობამდე _ 250 ლარამდე გაზრდა. მოსარჩელის განმარტებით, მან რიყეთის საჯარო სკოლაში მუშაოებისას მიიღო ტრავმა და დაენიშნა სარჩო მის თანამდებობაზე დადგენილი სარგოს შესაბამისად. ამჟამად მითითებული სარგო გაიზარდა, შესაბამისად, სარჩოც უნდა გადაანგარიშდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ი.კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმის განხილვის შესახებ ი.კ-ძე გაფრთხილებულ იქნა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით, თუმცა მხარეს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. კ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია და საქმის განხილვის დრო ეცნობა მხოლოდ სატელეფონო შეტყობინებით. 2010 წლის 22 ნოემბერს ი.კ-ძე დაუკავშირდა ტელეფონით მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შესძლებდა სასამართლოში გამოცხადებას. მხარეს არ წარმოუდგენია ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რადგან ვარაუდობდა, რომ საქმე იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. ი.კ-ძისათვის არ იყო ცნობილი, რომ მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. კანონმდებელი ზუსტად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ავალებს სააპელაციო პალატას, გადაწყვიტოს დავა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის განკუთვნილი ნორმებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი უშუალოდ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუთხოვია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ ი.კ-ძეს 2010 წლის 24 ნოემბერს საქმის განხილვის შესახებ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
კანონის აღნიშნული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს საქმის განხილვის თაობაზე მხარის სატელეფონო შეტყობინებით გაფრთხილებას, რაც მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების ტოლფასია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ი.კ-ძის მითითება, რომ მას 2010 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყება არ ჩაბარებია და საქმის განხილვის დრო ეცნობა მხოლოდ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.კ-ძეს 2010 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ი.კ-ძის არგუმენტს, რომ აპელანტმა 2010 წლის 22 ნოემბერს ტელეფონით აცნობა მოსამართლის თანაშემწეს თავისი ავადმყოფობის ფაქტი და განუმარტა, რომ ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტმა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვის შესახებ არ იცოდა, ვარაუდობდა, რომ დავას იხილავდა ადმინისტრაციული სასამართლო და იგი არ მიიღებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. აღნიშნულის გამო მხარემ არ წარადგინა თავისი ავადმყოფობის ცნობა.
ზემოხსენებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალების შესაბამისად ი.კ-ძეს გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინების ასლი, რომლითაც მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამდენად, მისი შინაარსი მხარისათვის ხელმისაწვდომი და ცნობილი უნდა ყოფილიყო. აქვე საგულისხმოა, რომ ი.კ-ძეს 2010 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა არც შემდგომ არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.