Facebook Twitter

¹ას-20-19-2010 9 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. შ-ოვი (წარმომადგენელი დ. გ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ოლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 10 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. შ-ოვმა მოპასუხე ლ. ა-ოლის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 15 მარტის შეთანხმების თანახმად, მოსარჩელის მარწმუნებელ რ. შ-ოვს, რომელიც მუშაობდა ადვოკატად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოში უნდა ეწარმოებინა მოპასუხე ლ. ა-ოლის საქმე. თავის მხრივ, ლ. ა-ოლს გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა ამონაგები თანხის 20%. აღნიშნული საქმე დასრულდა მოპასუხის სასარგებლოდ და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ლ. ა-ოლის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის მითითებით, ლ. ა-ოლს მისთვის არ გადაუხდია შეთანხმებით გათვალისწინებული გასამრჯელო, რაც შეადგენს 8000 აშშ დოლარს (ს.ფ. 2-13).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით რ. შ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით დასტურდებოდა, რომ 2008 წლის 27 მაისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენის იძულებით აღსრულებათან დაკავშირებული, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს გადაწყვეტილების დამტკიცების საკითხი, რომლითაც ლ. ა-ოლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული საქმის განხილვაში ლ. ა-ოლის ინტერესებს წარმოადგენდა რ. შ-ოვი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ინტერესები მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დაიცვა ლ. ა-ოლის მიერ რ. შ-ოვის სახელზე 2008 წლის 10 აპრილს გაცემული და არა 2008 წლის 15 მარტის სანოტარო რწმუნებულებით, სადაც იურიდიული მომსახურებისათვის გასამრჯელოს ოდენობა არ იყო მითითებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის მიკუთვნებული თანხის 20%-ის გადახდის შეთანხმების თაობაზე რაიმე მტკიცებულება (ს.ფ. 110-113).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ოვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ ლ. ა-ოლმა დაარღვია შეთანხმების პირობები და რწმუნებულს არ გადაუხადა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის დათქმული საფასური ამონაგები თანხის 20%-ის ოდენობით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ს.ფ. 118-129).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით რ. შ-ოვის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 320 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 132-135).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით რ. შ-ოვის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. შ-ოვის წარმომადგენელ ბ. ხ-ოვისათვის გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა მის მეუღლეს 2009 წლის 7 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლისათვის განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული (ს.ფ. 138-142).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. შ-ოვმა (წარმომადგენელი დ. გ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2009 წლის 2 ივლისის განჩინება ვერ ჩაითვლება აპელანტისათვის ჩაბარებულად, ვინაიდან იგი ჩაჰბარდა ბ. ხ-ოვს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა რ. შ-ოვის ინტერესებს, მაგრამ არ აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და შესაბამისად, არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რ. შ-ოვმა პირადად მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ (ს.ფ. 165-174).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას რ. შ-ოვის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს პირადად რ. შ-ოვი. ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინება რ. შ-ოვს არ გაგზავნია. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მხოლოდ ბ. ხ-ოვს, რომელიც რ. შ-ოვის ინტერესებს იცავდა პირველის ინსტანციის სასამართლოში. ბორის ხაჩატუროვს არ ჰქონდა ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისად, არ იყო გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვას სამოქალაქო პროცესში, აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უნდა გაგზავნოდა რ. შ-ოვს და არა ბ. ხ-ოვს, რამდენადაც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მარწმუნებლის ინტერესები დაეცვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარი ჰქონდა შეტანილი მარწმუნებლის სახელით. შესაბამისად, მისთვის განჩინების ჩაბარება არ წარმოშობდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება და რ. შ-ოვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. შ-ოვის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება და რ. შ-ოვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.