ას-202-189-2011 14 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. პ-ოვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. პ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ძის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 18 იანვარს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ. კ-ძემ მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო ქალა-ტვინის ტრავმა, რის შემდეგაც, ჩატარებული აქვს ტრავმატოლოგის, ქირურგის, ნერვოპათოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის კონსულტაციები. ასევე მიღებული აქვს მედიკამენტები, რომლებიც შეძენილიამის მიერ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საგზაო შემთხვევის შედეგად მას 500 ლარის ოდენობით მატერიალური და 1 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანი მიადგა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ოვას სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. პ-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. პ-ოვამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
განჩინებაში აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებულია _ «აღნიშნული პიროვნება მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს». კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულ მისამართზე იგი უკვე 42 წელია ცხოვრობს და კურიერმა სასამართლო უწყება შეცდომით მიიტანა ... ქ. ¹106ა-ში მდებარე ბინა ¹39-ში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი ცხოვრობს არა 106ა-ში, არამედ 106-ში. ნ. პ-ოვამ ასევე მიუთითა, რომ, კურიერის დაუდევრობის გამო იგი სასამართლოზე ვერ გამოცხადდა და ვერ დაიცვა თავისი ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ოვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში უწყება გაეგზავნა ნ. პ-ოვას მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა მას ვერ გადაეცა შეტყობინება იმ მიზეზით, რომ ადრესატი აღარ ცხოვრობს მოცემულ მისამართზე. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ დასაბარებელი პირი ცხოვრობდა მოცემულ მისამართზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ფაქტობრივად აქ აღარ ცხოვრობს. კერძოდ, როგორც გზავნილზე იყო მითითებული, ადრესატი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია, რომ, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მოცემული მუხლი კი ითვალისწინებს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით, ერთხელ მაინც, იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმეში წარმოდგენილ 2011 წლის 5 იანვრის შეტყობინების ბარათში აღნიშნულია, რომ «ამ მისამართზე ცხოვრობს ყ-ძე» (იხ. ს.ფ. 134). ხოლო მეორე გაგზავნისას, ამავე წლის 13 იანვრის შეტყობინების ბარათზე მითითებულია, რომ ადრესატი»აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს»(იხ. ს.ფ. 139). ამდენად, აპელანტს ორჯერ გაეგზავნა შეტყობინება მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე იგი ჩაბარებულად ითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას კურიერის მიერ შეტყობინების ბარათზე დაფიქსირებული ინფორმაციის უსწორობაზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ნ. პ-ოვა შეტყობინების ბარათზე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს ავალდებულებს, მხარეს გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 70-78 მუხლები) არის შესრულებული, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
რაც შეეხება ფოსტის თანამშრომლის მიერ ვალდებულების არასწორად განხორციელებას აღნიშნული ფოსტის მართლსაწინააღმდეგო ქმედების (დელიქტი) შედეგად სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს, რაც ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და საკასაციო სასამართლო, დავას იხილავს რა კერძო საჩივრის ფარგლებში, ამ მიმართებით მხარეთა ქმედების შეფასებას ვერ მოახდენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. პ-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.