ას-203-190-2011 31 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შპს «.ს. მ-ი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ს. მ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 23 600 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. მ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. მ-ს მოსარჩელე შპს «ს. მ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 23 600 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება და შეწყდა სამართალწარმოება შპს «ს. მ-ის» სარჩელზე დ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ სარჩელის (დავის) იდენტურობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ელემენტების იდენტურობას. დასახელებული ნორმით განსაზღვრულია დავის იგივეობის სამი ძირითადი ნიშანი: მოდავე მხარეების, დავის საგნისა და დავის საფუძვლის იგივეობა. ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის იგივეობის დადგენისას არსებითი მნიშვნელობა აქვს სარჩელის ფაქტობრივ და არა სამართლებრივ საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე _ შპს «ს. მ-ი” და მოპასუხე _ დ. მ-ი, დავის საგანია თანხის _ 23600 აშშ დოლარის, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სადაც მხარეებს წარმოადგენენ ასევე მოსარჩელე _ შპს «ს. მ-ი” და მოპასუხე _ დ. მ-ი, დავის საგანია ფულადი ვალდებულების _ 23600 აშშ დოლარის შესრულების მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში იდენტურია არა მარტო მხარეები და მოთხოვნა, არამედ სარჩელის საფუძველიც. ორივე შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისგან იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც კეთილმეგობრული დამოკიდებულების გამო გადასცა მას, უკან დაბრუნების პირობით.
სარჩელის საფუძვლის სხვადასხვაობის დასტურად პალატამ არ ჩათვალა შპს «ს. მ-ის” წარმომადგენლის მოსაზრება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით განხილული დავის საფუძველს წარმოადგენდა სესხის სახით გაცემული თანხის, ხოლო წინამდებარე დავის საფუძველს – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება. ორივე დავაში მოთხოვნილ იქნა მხარეთა შორის ერთ ფაქტობრივ ურთიერთობაში, ერთი მიზნით გადაცემული ერთი თანხა. მისი დაბრუნების საფუძვლად სხვადასხვა სამართლებრივი ნორმის მითითება ვერ აქცევს დავას განსხვავებულად და იგი ვერ შეცვლის ორივე ზემოაღნიშნული დავის ფაქტობრივი საფუძვლის იდენტურობას.
სასამართლოს მითითებით, სარჩელის დასაშვებობაზე გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის მოსაზრება, რომ დავა უსაფუძვლო გამდიდრებით დაიწყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა თანხის გადაცემის ფაქტი და ისიც, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ ყოფილა (2010 წლის 26 თებერვლი გადაწყვეტილება). მოსარჩელეს იმავე დავაში, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში შეეძლო, სარჩელის საფუძვლად დაესახელებინა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები და იგი არ გამოიწვევდა სარჩელის ცვლილებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ მოპასუხის თანხმობის აუცილებლობას, ვინაიდან, სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, რაც დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსარჩელის მითითებით განისაზღვრება (განსხავავებით მისი სამართლებრივი საფუძვლისა, რომელიც სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს და მისი შეცვლის უფლება სასამართლოს მხარის მითითების გარეშეც გააჩნია, ამასთან, იგი ვალდებულია, სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს სადავო საკითხს), ასეთ შემთხვევაში ცვლილებას არ განიცდის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ს. მ-მა» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული ნორმის მიზანია პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ მხარეებმა ერთსა და იმავე დავის საგანზე და საფუძვლით არ მიმართონ სასამართლოს. კანონის ეს დანაწესი უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლთან მიმართებით, რომელიც აწესებს მხარეთა უფლებას, მიმართოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში მხარემ არ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი სარჩელი აღძრა სასამართლოში, რადგან დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის სესხის ურთიერთობა არ წარმოშობილა, არამედ თავისი მოთხოვნა უნდა დაეფუძნებინა უსაფუძვლოდ გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «ს. მ-ის» კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ განიხილავს საქმეს და შეწყვეტს მის წარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით ერთხელ უკვე გადაწყდა დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგნითა და იმავე საფუძვლით.
კანონის მითითებული დანაწესის სწორად განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქმის წარმოების შეწყვეტით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. აღნიშნული კი (სასამართლოსათვის მიმართვის უფლება) უზრუნველყოფილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს (სსსკ-ის მე-2 მუხლი).
ამრიგად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადოდ შეამოწმოს, იდენტურია თუ არა ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული სამივე ელემენტი _ მხარეები, დავის საგანი და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი. ამ უკანასკნელში კანონმდებელი გულისხმობს მოთხოვნის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება განსახილველი დავის იდენტური მხარეებით _ მოსარჩელე შპს «ს. მ-სა» და მოპასუხე დ. მ-ს შორის, იმავე დავის საგანზე _ 23 600 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილებით განხილული სარჩელის საფუძვლად მითითებულია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და მოსარჩელე მოითხოვს სესხის დაბრუნებას. განსახილველი სარჩელით კი შპს «ს. მ-მა» იმავე ოდენობის _ 23600 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა დააფუძნა განსხვავებულ საფუძველს _ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, განსახილველ შემთხვევაში არსებობს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის სამივე წინაპირობა და შეაფასოს ორივე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების _ სასესხო ვალდებულებისა და უსაფუძვლოდ გამდიდრების იდენტურობა, თუნდაც დასაბრუნებელი თანხის ოდენობა ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. მ-ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.