საქმე ¹ას-203-193-2010 19 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “---ბანკი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შუსრულებლობის გამო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “---ბანკმა” განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღებისა და მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანების _ 274106.84 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადახდის ბრძანებით სს “---ბანკის” მოთხოვნა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” სს “---ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 274106.84 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ შესაგებლით (პროტესტით) მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მიღებული გადახდის ბრძანების გაუქმება, საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “---ბანკის” სარჩელი შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” სს “---ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 242306.48 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანიმ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” დირექტორმა მ. რ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ორი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება გაიგზავანა საქმეში მითითებულ მისამარზე და მ.რ-შვილსა და თ.ღ-ურს ჩაბარდათ 2010 წლის 12 მარტს. ამავე წლის 16 მარტს შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” წარმომადგენელმა დ. გ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილი საპროცესო ვადის დაუცველად განხორციელებული ქმედება იურიდიულ ძალას დაკარგავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ დანჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტს ჩაბარდათ დირექტორს _ მ. რ-შვლსა და თანამშრომელს _ თ. ღ-ურს (იხ. ს.ფ.130).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 13 მარტს და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე _ 14 მარტი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, მისი დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ ორშაბათს _ 15 მარტს, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგნელმა კი სასამართლოს მიმართა 2010 წლის 16 მარტს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” უნდა დაუბრუნდეს ზ. ნ-ძის მიერ 2010 წლის 16 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
შპს “მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის” დაუბრუნდეს ზ. ნ-ძის მიერ 2010 წლის 16 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.