ას-208-198-10 7 მაისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ნ. მ-ევა
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლე დ. კ-ძე
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. მ-ევამ მოპასუხე მ. კ-ძის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
გაუქმდა ნ. მ-ევასა და ჯ. კ-ძის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე (საზიარო საგანზე) ქ.თბილისში, ... ¹59-ე კორპუსში მდებარე .¹34 ბინის საზიარო საგნის გაყიდვის გზით.
საზიარო საგნის გაყიდვით ამონაგები თანხა ნ. მ-ევასა და ჯ. კ-ძეს შორის განაწილდა მათი წილების მიხედვით და ნ. მ-ევას მიეკუთვნა – 33\1553--ის, ხოლო ჯ. კ-ძეს - 18\1553 წილის შესაბამისი თანხა.
ნ. მ-ევას უარი ეთქვა სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქ.თბილისში, ... ¹59 ბ კორპუსში მდებარე ¹34-ბინაზე განხორციელებული 30 კვ.მ მიშენების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. კ-ძემ.
2009 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ნ. მ-ევამ და მოითხოვა ამავე კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
მითითებული განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა მოცემული სამოქალაქო საქმე.
2009 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართეს ჯ. და დ. კ-ძეებმა, სადაც ჯ. კ-ძე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ. მ-ევასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თავისი წილი მთლიანად აჩუქა დ. კ-ძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა, ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებას დ. კ-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით ჯ. კ-ძე შეიცვალა უფლებამონაცვლე დ. კ-ძით და ნ. მ-ევას განცხადების განხილვა გაგრძელდა დ. კ-ძის მიმართ.
ამავე კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ევას განცხადება საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 13 იანვრის მომართვის საფუძველზე მოცემული სამოქალაქო საქმე გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით აპელანტ ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლედ დადგინდა დ. კ-ძე.
პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 1 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით II ტომით, ს.ფ. 168-ით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ... 59-ე კორპუსში მდებარე, ბინა ¹34-ის თანამესაკუთრედ ირიცხება ნ. მ-ევასთან ერთად დ. კ-ძის სახელზე. აღნიშნული ამონაწერის საფუძველი არის 2008 წლის 28 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება,-( II ტომი, ს.ფ. 119-120), რომლის თანახმადაც ჯ. კ-ძემ დ. კ-ძეს აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ, ვინაიდან, ზემოხსენებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 18 კვ.მ მესაკუთრე არის დ. კ-ძე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლედ დადგინდეს დ. კ-ძე.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ევამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დ. კ-ძემ ჩუქების საფუძველზე საკუთრება გადაიფორმა საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მან და მისმა ოჯახის წევრებმა ეს ფაქტი შეგნებულად დაუმალეს სასამართლოს საქმის გაჭიანურების მიზნით. ამჟამად დ. კ-ძის ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლედ ჩართვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ნ. მ-ევამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ ნ. მ-ევას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. მ-ევას მოწინააღმდეგე მხარის ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა დ. კ-ძე.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჯ. კ-ძემ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი ... 59-ე კორპუსში მდებარე ბინა ¹34, 2008 წლის 28 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა დ. კ-ძეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დ. კ-ძე აღრიცხულია ნ. მ-ევას თანამესაკუთრედ. (II ტომი, ს.ფ. 168).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში ( მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. მ-ევას მიერ სადავოდ გამხდარ ფართზე ჯ. კ-ძის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს დ. კ-ძე, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, იგი გახდა ფართის მესაკუთრე, რის გამოც მასზე გადავიდა ის ვალდებულებები და უფლებები, რაც მოცემულ დავასთან მიმართებით არსებობს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ევას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.