Facebook Twitter

¹ას-21-16-2011 21 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს «... ბანკი»

წარმომადგენელი _ გ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. თ-შვილი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. თ-შვილის სარჩელი მოპასუხე სს «... ბანკის» მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, სს ,,... ბანკს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16,660 ლარის ანაზღაურება, ზ. თ-შვილის მოთხოვნა სს ,,... ბანკის” მიერ ყადაღის მოხსნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,... ბანკმა” და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სს ,,... ბანკის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,... ბანკის” წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,... ბანკის” წარმომადგენლის _ გ. ყ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება სს ,,... ბანკს» ჩაბარდა 2010 წლის 21 დეკემბერს, ხოლო კერძო საჩივარი კი სს ,,... ბანკის” წარმომადგენელმა _ გ. ყ-შვილმა შეიტანა 2011 წლის 4 იანვარს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან კერძო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2011 წლის 3 იანვარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს ,,... ბანკის” წარმომადგენლის _ გ. ყ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,... ბანკის” წარმომადგენლის _ გ. ყ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.