Facebook Twitter

ას-212-199-2011 14 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – «ს-ი» (წარმომადგენელი თ. გ-ია)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ს-ა»

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

“ს-ი’მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ა»ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის არსებული დარგობრივი შეთანხმებით გათვალისიწნებული საწევრო ანარიცხების გადარიცხვის შეჩერების შესახებ 2010 წლის 30 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს რ-ელთა პროფესიული კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ‘ს-ი’, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით “ს-ი”ის წარმომადგენელ თ. გ-იას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის სასამართლოში წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, “ს-ი”ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ორგანიზაციის ადვოკატ თ. გ-იას გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილის ჩაბარების თაობაზე სასამართლოსათვის დაბრუნებული შეტყობინების ბარათის თანახმად, 2010 წლის 20 დეკემბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის _ «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ადმინისტრატორს, რაც დასტურდება აღნიშნული ორგანიზაციის ბეჭდითა და მიმღების ხელმოწერით. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1-ე მუხლისა და 7.8-ე მუხლების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, განმარტა, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებასა და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით დაამოწმებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის კონტექსტში ითვლება «ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს», შესაბამისად, განსახილევლ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები _ ორგანიზაციის ადმინისტრატორი სააპელაციო პალატამ მიიჩნია კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომელიც გზავნილის მიღებით ადასტურებდა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება. ამდენად, პალატამ ხარვეზის შესახებ განჩინება ადრესატზე _ აპელანტის წარმომადგენელ თამარ გაბისონიაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1-ე მუხლის შესაბამისად, «ს-ი»ს ჩაბარებულად ჩათვალა 2010 წლის 20 დეკემბრიდან. ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ _ თ. გ-იას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, 2011 წლის 24 იანვარს აპელანტის წარმომადგენლის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოდგენილი იყო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივრის განუხილეველად დატოვების შესახებ განჩინების მიღების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ, როგორც დაუშვებელი, დატოვა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა «ს-ი»ს წარმომადგენელმა თ. გ-იამ, და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, გზავნილის მიმღებ პირს უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაუბარებია, კერძოდ, უწყების მეორე ეგზემპლარზე არ მიუთითებია დამოკიდებულება ადრესატისადმი, ადრესატის ადგილსამყოფილი და არც რაიმე ინფორმაცია მისი დაბრუნების შესახებ, ასევე მისთვის, როგორც ადრესატისათვის, უწყება არ გადაუცია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო თავად მომჩივანის მისამართიც, სადაც კურიერს უწყების ჩაბარება შეეძლო პირადად ადრესატისათვის, თუმცა მას აღნიშნული არ განუხორციელებია. ამას გარდა, აპელანტს ჰყავდა მეორე წარმომადგენელი, რომელსაც ასევე არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი. ზემოაღნიშნული გარემოებები კი გახდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ «ს-ი»ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით “ს-ი”ს თ. გ-იას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტII, ს.ფ 3-5). საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ორგანიზაციის ადვოკატ თამარ გაბისონიას გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილის ჩაბარების თაობაზე სასამართლოსათვის დაბრუნებული შეტყობინების ბარათის თანახმად, 2010 წლის 20 დეკემბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის _ «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ადმინისტრატორს, რაც დასტურდება აღნიშნული ორგანიზაციის ბეჭდითა და მიმღების ხელმოწერით (იხ. ტII ს.ფ.8). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილის მიმღებ პირს უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაუბარებია, კერძოდ, უწყების მეორე ეგზემპლარზე რაიმე დამოკიდებულება ადრესატისადმი, ადრესატის ადგილსამყოფილი ან რაიმე ინფორმაცია მისი დაბრუნების შესახებ არ მიუთითებია, ასევე მისთვის, როგორც ადრესატისათვის, უწყება არ გადაუცია.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. საკასაციო სასამართლო იზირაებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1-ე მუხლისა და 73.8-ე მუხლების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებასა და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით დაამოწმებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის კონტექსტში ითვლება «ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს», შესაბამისად, განსახილევლ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები _ ორგანიზაციის ადმინისტრატორი (ტ.II ს.ფ.8) სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომელიც გზავნილის მიღებით ადასტურებდა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო თავად მომჩივანის მისამართიც, სადაც კურიერს უწყების ჩაბარება შეეძლო პირადად ადრესატისათვის, თუმცა მას აღნიშნული არ განუხორციელებია. ამას გარდა, აპელანტს ჰყავდა მეორე წარმომადგენელი, რომელსაც ასევე არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი. ზემოაღნიშნული გარემოებები კი გახდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერც აღნიშნული გარემოებები გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, რაც საკუთარი ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით დაადასტურა, აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ აღარ არსებობდა ვალდებულება კურიერს სასამართლო უწყება პირადად ადრესატისათვის, სააპელაციო საჩივარში მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე ჩაებარებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, «ს-ი» მა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ს-ი»ს უფლებამოსილ წარმომადგენლის, სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის _ თ. გ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

«ს-ი»ს წარმომადგენელ თ. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.