Facebook Twitter

ას-215-201-2011 9 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ Mმ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს «თბილისის საარბიტრაჟო სამომირგებლო პალატა”, არბიტრი ლ. ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თბილისის საარბიტრაჟო სამომრიგებლო პალატის“ 2008 წლის 2 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ე. ქ-ძის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოპასუხე მ. კ-იას ე. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხა _ 45 000 აშშ დოლარი. დარიცხული პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 11 250 აშშ დოლარი. საარბიტრაჟო შენატანი _ 2436 ლარი, პირგასამტეხლო 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 12 150 აშშ დოლარს, სულ 68 400 ლარი.

ამავე გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ... ქ.¹23, სადარბაზო 2, სართული 5, ბინა 30-ის რეალიზაციის გზით.

2011 წლის 6 იანვარს მ. კ-იამ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თბილისის საარბიტრაჟო სამომრიგებლო პალატის“ 2008 წლის 2 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გაუქმება, რომლითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდევინება მოხდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით მ. კ-იას საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42.2 მუხლის დანაწესი უნდა გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართაც, ვინაიდან ეს დანაწესი წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმას და შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თბილისის საარბიტრაჟო სამომრიგებლო პალატის“ 2008 წლის 2 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2010 ლის 1 იანვრამდე, შესაბამისად მისთვის საჩივრის შეტანის 90 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და ამოიწურა 2010 წლის 31 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მარინე კ-იას მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს ჯერ სარჩელი იქნა აღძრული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომელზეც ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ საქმე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადი, ხოლო შემდეგ 2011 წლის 6 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მ. კ-იამ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-იამ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია 90 დღით, ხოლო ძველი კანონით ასეთი ვადა განსაზღვრული არ იყო. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონით, ვინაიდან გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებულია ახალი კანონის ამოქმედებამდე და ახალმა კანონმა გააუარესა პირის მდგომარეობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება ზღუდავს მის უფლებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. მოცემულ შემთხვევაში, მ. კ-ია კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი საჩივარი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს «თბილისის საარბიტრაჟო სამომრიგებლო პალატისა და არბიტრ ლ. ქ-ძის მიმართ 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.