¹ას-218-207-2010 22 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ჯ. ი.”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ჯ. ი.” სარჩელი მოპასუხე შპს “რ.” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “რ.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასწორი კომპიუტერისა და კომპრესორის ღირებულების _ 35 300 აშშ დოლარის, ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების _ 1 900 აშშ დოლარის და თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის სახით 998.4 აშშ დოლარის, მთლიანობაში _ 38 198.4 აშშ დოლარის გადახდა; ამავე განჩინებით მოპასუხეს შპს “ჯ. ი.” სასარგებლოდ დაევალა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 900 ლარის ანაზღაურება; მოპასუხესვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 145.95 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შპს “ჯ. ი.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი V, ს.ფ. 57-62).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისისა და 30 ივლისის განჩინებების გაუქმება, რომლებითაც პირველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულების (ს. ი-ძის ხელწერილი გადასახდელი თანხის აღიარების თაობაზე) საქმეზე დართვის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა სიიდან მოპასუხის შესაგებელზე თანდართული, არასახელმწიფო ენაზე შესრულებული საბუთის ამორიცხვის თაობაზე, ასევე დაკმაყოფილდა (ტომი V, ს.ფ. 66-80).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს “რ.” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 2 711.35 ლარის გადახდა, აგრეთვე, წარმომადგენელ რ. ც-ძის მიერ ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ საზოგადოების დირექტორის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა (ტომი V, ს.ფ. 88-90).
2009 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “რ.” წარმომადგენელმა რ. ც-ძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მან წარადგინა საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 150 ლარი. აქვე, განმცხადებელმა მოითხოვა დანარჩენი თანხის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
განმცხადებელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ცნობაზე ბიუჯეტის წინაშე შპს “რ.” დავალიანების შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული ცნობით უდავოდ დასტურდება, რომ შპს “რ.” გააჩნია მძიმე ფინანსური მდგომარეობა. მათი ორგანიზაცია მომსახურებისა თუ მიწოდებისას მუშაობს საბანკო გადარიცხვების მეშვეობით და იმ დროს, როდესაც ორგანიზაციას გააჩნია ბიუჯეტის მიმართ დავალიანება, საგადასახადო ორგანო ინკასოს მეშვეობით ახდენს თანხის ბიუჯეტში წარმართვას. ამდენად, ორგანიზაციას არ შესწევდა სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილად გადახდის უნარი. სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი თანხა მოძიებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი სახსრებიდან.
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის ვადის გადავადების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელმა დაასახელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი (ტომი V, ს.ფ. 115-121).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს “რ.” გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს “რ.” განცხადებაზე თანდართულ ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ცნობაზე, რომლის თანახმად შპს “რ.” აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 33 658 ლარის ოდენობით და აღნიშნა, რომ, მართალია, დასახელებული ცნობით დგინდებოდა ბიუჯეტის წინაშე შპს-ს დავალიანების არსებობა, მაგრამ აღნიშნულით არ დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება საზოგადოების გადახდისუუნარობის ან მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების შესახებ. პირიქით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ შპს “რ.” გააჩნდა უძრავი ქონება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი (შპს “რ.”) ვერ ადასტურებდა გადახდისუუნარობას. ამ უკანასკნელის მიერ არ იყო წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-47-ე მუხლების თანახმად რაიმე უტყუარი მტკიცებულება შპს-ს გადახდისუუნარობისა და იურიდიული პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე ბაჟის გადავადების ან მისი შემცირების შესახებ (ტომი V, ს.ფ. 123-126).
2009 წლის 7 ნოემბერს შპს “რ.” სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ ახალი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც თან დაურთო 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლზე დაყრდნობით, საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოითხოვა მისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 300 ლარამდე შემცირება, რა თანხაც მას უკვე გადახდილი ჰქონდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე (ტომი V, ს.ფ. 143-149).
ამის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს “რ.” სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით (ტომი V, ს.ფ. 167-169).
პარალელურად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ. ი.” (წარმომადგენელი თ. მ-ძე) საჩივრის განხილვის შედეგად, შპს “ჯ. ი.” განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს “რ.” კუთვნილ საბანკო ანგარიშებს _ სს “ს. ბ.” ბათუმის ფილიალში (ანგარიშის ¹146002600) და სს “პ. ბ.” ბათუმის ფილიალში (ანგარიშის ¹3602248), დადგინდა აღნიშნული განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება, რა მიზნითაც მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი V, ს.ფ. 160-166).
2009 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ძე) ხარვეზის შევსების მიზნით კვლავ წარადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 500 ლარამდე შემცირება ან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს “რ.” საბანკო ანგარიშებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ედო ყადაღა. ამის გამო, მათ, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ საბანკო გადარიცხვები ან სხვა ოპერაციები, შესაბამისად, არ შეეძლოთ გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი (ტომი V, ს.ფ. 183-184).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს “რ.” გაუგრძელდა (მესამედ) ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით (ტომი V, ს.ფ. 191-193).
2010 წლის 12 იანვარს შპს “რ.” ისევ წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თან დაურთო 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და იმავე საფუძვლით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის თანხის 750 ლარამდე შემცირება ან დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტომი V, ს.ფ. 221-224).
საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს “რ.” სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 750 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება; თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა შპს “რ.” არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლიდან გამომდინარე დაბრუნებას ექვემდებარებოდა (ტომი V, ს.ფ. 229-233, ტომი VI, ს.ფ. 4-5).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “რ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს “რ.” ფინანსური მდგომარეობა არის მძიმე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის საბანკო ანგარიშებს დაადო ყადაღა, რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. შპს “რ.” სასამართლოს წარუდგინა ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ მის ქონებას (საბანკო ანგარიშები) ედო ინკასო, ამასთან, მას გააჩნდა ბიუჯეტის დავალიანება და ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილად გადახდას (ტომი VI, ს.ფ. 11-15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება, შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ძე) სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მხარის არსებით პროცესუალურ უფლებასთან _ უზრუნველყოფილი იყოს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლეოდა შპს “რ.” სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადების საფუძველს, რამდენადაც ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ინკასოსა და ყადაღის არსებობა, რაც საქმეზე უდავოდ დასტურდება, ისეთი გარემოებებია, რაც მხარის მიერ მოცემულ მომენტში სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის შესაძლებლობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენებისა და მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შპს “რ.” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ძე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება და საქმე შპს “რასეს” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.