Facebook Twitter

ას-220-206-2011 31 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ს. ი-ა» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «მ. ს-ი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის საგნის ღირებულების დაკისრება, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «მ. ს-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. ი-ას» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი ვალდებულების სახით 126 865.15 ლარის, სარჩელის აღძვრის დროისათვის პირგასამტეხლოს _ 1205.58 ლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%-ის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის _ 41035 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «მ. ს-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი ვალდებულების სახით 126 865.15 ლარის გადახდა, ერთჯერადად, 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით ვადაგადაცილებულ პერიოდზე პირგასამტეხლოს _ 13155.6 ლარის, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 3805.95 ლარის გადახდა (126 865.15 ლარის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს «ს. ი-ას» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. ი-ას» სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 5 753,044 ლარის გადახდა ან ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა დადასტურდებოდა.

2010 წლის 20 დეკემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რადგან საწარმოს გააჩნია დიდი ოდენობის დავალიანება პირველ რიგში სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ ბანკის მიმართ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა შეუძლებელია. აპელანტმა წარადგინა მხოლოდ 150 ლარის გადახდის ქვითარი და იშუამდგომლა საქმის განხილვის დამთავრებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს. ი-ას» გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნახევრის – 2801,52 ლარის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო დარჩენილი 2801,52 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენის მიზნით ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინება აპელანტს 2011 წლის 11 იანვარს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელნტის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 12 იანვრიდან და ამოიწურა 2011 წლის 21 იანვარს, რომელიც არ იყო დასვენების ან უქმე დღე. აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ _ 2011 წლის 24 იანვარს მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე და თან დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 2805 ლარის გადახდის დამასტურებელი ქვითრები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. აპელანტს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს. ი-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2011 წლის 11 იანვრიდან არასწორად აითვალა, ვინაიდან ამ დღეს სასამართლო გზავნილი შაბარდა შპს-ს რიგით თანამშრომელს, საზოგადოების ადმინისტრაციას კი გადაეცა 2011 წლის 21 იანვარს, პარასკევ დღეს. მომდევნო სამუშაო დღეს _ 2011 წლის 24 იანვარს აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და წარუდგინა სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. ი-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ შპს «ს. ი-ას» რამდენჯერმე დაუდგინდა ხარვეზი და საბოლოოდ მის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღის ვადა. აღნიშნულის შესახებ სასამართლო განჩინება 2011 წლის 11 იანვარს ჩაბარდა შპს-ს თანამშრომელ ნ. ი-ძეს, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. აპელანტმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით პალატას მიმართა 2011 წლის 24 იანვარს, საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შპს «ს. ი-ას» სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

დაუსაბუთებელია და რაიმე სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტისათვის მიცემული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2011 წლის 11, არამედ 21 იანვარიდან, რადგან ნ.ი-ძე საზოგადოების რიგითი თანამშრომელია, ხოლო ადმინისტრაციას სასამართლო გზავნილი გადაეცა სწორედ 2011 წლის 11 იანვარს. სასამართლო გზავნილი დამოწმებულია შპს «ს. ი-ას» ბეჭდით, რაც სარწმუნოდ ხდის შპს-ს თანამშრომლის მიერ მისი მიღების უფლებამოსილებასა და მართლზომიერებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული მოსაზრების გათვალისწინების შემთხვევაშიც, თუ შპს «ს. ი-ას» ადმინისტრაციამ სასამართლო გზავნილის მიღების ფაქტი შეიტყო 2011 წლის 21 იანვარს, მას ჯერ კიდევ შესაძლებლობა ჰქონდა, იმავე დღეს გადაეხადა და სასამართლოსათვისათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტმა კი აღნიშნული საპროცესო ვალდებულება მხოლოდ მომდევნო სამუშაო დღეს შეასრულა, რითაც ხარვეზის გამოსწორების ვადა დაარღვია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. ი-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.