Facebook Twitter

ას-221-207-2011 14 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჟ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია «კ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჟ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია «კ-ი»-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2008 წლის პირველი დეკემბრიდან 2010 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იჯარის თანხის _ 27300აშშ დოლარის, ასევე, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იჯარის სამმაგი ოდენობის პირგასამტეხლოს _ 6300 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჟ. ხ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 1344 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით, ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, ჟ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ჟ. ხ-შვილმა მართალია წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, თუმცა აღნიშნული განცხადებით მას სასამართლოს მიერ დავალებული ხარვეზი არ აღმოუფხვრია, კერძოდ, არც გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. დასახელებულ განცხადებაში იგი უთითებდა მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც, მისი მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარს ასაბუთებდნენ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. -შვილის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ხ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო განუხილველად დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ჟ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 1344 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტ. II ს.ფ. 3-5).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ჟ. ხ-შვილს ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებით, სასამართლოს მიერ დავალებული ხარვეზი არ აღმოუფხვრია. კერძოდ, მითითებულ განცხადებას თან არ ერთვოდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, მასში მოყვანილი გარემოებები არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს და ამასთან, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება (იხ. ტ II, ს.ფ. 8).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ ჟ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.