Facebook Twitter

ას-22-17-2011 07 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს «... ბანკი»

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. დ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 13 მაისს ... საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. დ-ძემ მოპასუხეების _ სს «... ბანკისა» და სს «... ბანკის» ... ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნამუშევარი საათების ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით; ბ. უქმე დღეებში (9 შაბათი) ნამუშევარი საათების ანაზღაურება 780 ლარის ოდენობით; გ. ყოველი დაყოვნებული დღისათვის მისაღები თანხის 0.07%-ის (სავარაუდოდ 5230 ლარი) ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 2-12).

... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის წინასწარი გადაწყვეტილებით ქ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს «... ბანკს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2006 წლის 7 აპრილიდან 2009 წლის 7 აპრილამდე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურების ვალდებულება; ამავე განჩინებით დადგინდა აღნიშნული ვალდებულების შესრულების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს «... ბანკმა» და სს «... ბანკის» ... ფილიალმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 239-247).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის წინასწარი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს «... ბანკს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2005 წლის 7 აპრილიდან 2008 წლის 7 აპრილამდე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას შაბათ დღეს ნამუშევარი საათების ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, დადგინდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებით დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (ტომი I, ს.ფ. 324-333).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს სს «... ბანკმა» და სს «... ბანკის» ... ფილიალმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ქ. დ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 334-342).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სს «... ბანკისა» და სს «... ბანკის» ... ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურებისა და დაყოვნებისათვის ამ თანხის 0.07%-ის მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი I, ს.ფ. 305-314).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სს «... ბანკისა» და სს «... ბანკის» ... ფილიალის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტებს სასამართლო უწყების მეშვეობით, ხოლო ქ. დ-ძეს ტელეფონის საშუალებით;

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი _ სს «... ბანკი» და სს «... ბანკის» ... ფილიალი, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მიწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (სასამართლო უწყების მეშვეობით);

სასამართლოს დასახელებულ სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარე ქ. დ-ძემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე, საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროვესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ სს «... ბანკის» ... ფილიალისათვის გაგზავნილი უწყება ჩაჰბარდა თ.თურმანიძეს (სს «... ბანკის» ... ფილიალი) და მას დასმული აქვს ამავე დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, ხოლო სს «... ბანკის» სათაო ოფისისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაჰბარდა თ.ჩალაშვილს, რომელსაც ასევე დასმული აქვს ამ დაწესებულების ბეჭედი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებული ვითარება, კერძოდ, ის გარემოება, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, ამასთან მოწინააღმდეგე მხარემ არ მოითხოვა 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის (ტომი I, ს.ფ. 402-408).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «... ბანკმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყება გადაეცა ბანკის თანამშრომელ გ. დ-შვილს, რომელსაც ევალებოდა ამ საქმის კონტროლი და ბანკის უფლებამოსილი პირების საქმის კურსში ჩაყენება. ეს უკანასკნელი ორიოდე დღის გამოსული იყო სამსახურში, ვინაიდან იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცლზე თავის ქალის დახურული ტრავმისა და სუბარაქრონიდული სისხლჩაქცევის გამო. გ. დ-შვილის ჯანმრთელობის მგომარეობა კვლავ გაუარესდა და იგი ისევ გავიდა საავადმყოფო ფურცელზე, ისე რომ უწყება არავისთვის გადაუცია და უფლებამოსილი პირებისთვისაც არ შეუტყობინებია სხდომის შესახებ. ამდენად, სასამართლო უწყება «ბანკის» უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია (ტომი I, ს.ფ. 415-416).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ბანკის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს «... ბანკი» სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის სხდომის დროისა და ადგილის, აგრეთვე, დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. აღნიშნულს ცხადყოფს საქმეში არსებული შეტყობინების ბარათი გზავნილის (სასამართლო უწყების) ჩაბარების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ბანკის თანამშრომლის მიერ და რომელიც დამოწმებულია სს «... ბანკის» შტამპით (ტომი 1, ს.ფ. 398).

წარმოდგენილი კერძო საჩივრით სს «... ბანკი» სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ სასამართლო უწყების მიმღებ სუბიექტს (ბანკის თანამშრომელს) ბანკის უფლებამოსილი პირისათვის უწყება არ გადაუცია. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, უწყება ბანკის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უწყება, რომელიც აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის სხდომის შესახებ ატყობინებდა, სს «... ბანკს» ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნის დაცვით, რომლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ უწყების ჩაბარება ორგანიზაციის კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის ანდა პირისათვის, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ორგანიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უწყება ჩაბარდა სს «... ბანკის» კანცელარიის თანამშრომელს, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით და ბანკის შტამპით, რაც მიიჩნევა ბანკისათვის უწყების ჩაბარებად. ბანკის თანამშრომლის (უწყების მიმღები პირის) ავადმყოფობა და ამ მიზეზით ადრესატისათვის უწყების გადაუცემლობა გავლენას ვერ მოახდენს ბანკისათვის უწყების ჩაბარებულად მიჩნევაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა ბანკის თანამშრომელ თ.შ-შვილს და არა გ. დ-შვილს, როგორც ამას უთითებს კერძო საჩივრის ავტორი.

კერძო საჩივრის პრეტენზია ეფუძნება ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უწყება არ გაუგზავნა ბანკის წარმომადგენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან უწყება გაეგზავნა და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ბანკს, სასამართლო აღარ იყო ვალდებული უწყება დამატებით გაეგზავნა ასევე ბანკის წარმომადგენლისათვის. მითითებული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, სასამართლოს აკისრია ვალდებულება უწყება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივე მათგანს, ხოლო ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება მხარისათვის უწყების ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმები და მართებულად დატოვა განუხილველად სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «... ბანკის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.