ას-22-21-10 6 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ძემ.
ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 7 _ დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2009 წლის 16 ნოემბერს, ლ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, არიან უმუშევრები და შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შევსებისათვის.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტ ლ. გ-ძეს და მის წარმომადგენელ რ. ლ-ძეს გაეგზავნათ და წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 26 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 30 ოქტომბრამდე.
ლ. გ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მას მიეცა 4 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა ამოიწურა 30 ნოემბერს.
2009 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს ლ. გ-ძემ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ლ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ლ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, აპელანტი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მაგრამ შუამდგომლობას არ ახლავს უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, აღნიშნულის თაობაზე მხარეს განემარტა ასევე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს ხარვეზი ვადაში არ შეუვსია, მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. გ-ძემ. მან მიუთითა, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს გამგეობამ გასცა ცნობა მისი უმუშევრობისა და უსახსრობის შესახებ. მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით იმის შესახებ, რომ იგი არის გაჭირვებული და შესაბამის ცნობას წარადგენდა სასამართლოში, რის გამოც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ძეს განესაზღვრა 7 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ლ. გ-ძემ რამდენჯერმე მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება უსახსრობის გამო. მას შესაბამისად რამდენჯერმე გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად და ბოლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს ლ. გ-ძეს და მის წარმომადგენელს რ.ლ-ძეს გაეგზავნათ და წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 26 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 30 ოქტომბრამდე. ლ. გ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
ლ. გ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მას მიეცა 4 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა ამოიწურა 30 ნოემბერს.
2009 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს ლ. გ-ძემ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ლ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ლ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. გ-ძემ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შეიტანა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საპატიო მიზეზი, რის გამოც მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.