Facebook Twitter

საქმე №ას-223-209-2011 14 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. მ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ე., ლ., ი. ტ-იევები, ლ. ჩ-შვილი, გ. ლ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე., ლ., ი. ტ-იევების, ლ. ჩ-შვილისა და გ. ლ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1990 წლის 4 ივნისს №1 ოქმით ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „კ. 53“. 1991 წელს აღნიშნულ ამხანაგობაში გაწევრიანდა ლ. მ-შვილი. მოსარჩელემ ამხანაგობის ანგარიშზე გადაიხადა 111 749 რუსული რუბლი, ხოლო 115 500 რუსული რუბლი ამხანაგობის თავმჯდომარეს გადასცა ხელწერილის საფუძველზე. მშენებლობის დასრულების შემდგომ მოსარჩელეს უნდა მიეღო 5-ოთახიანი, 220 კვ.მ. ფართით ბინა მეშვიდე სართულზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. მ-შვილმა. საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ავადმყოფობის გამო მან ადვოკატს სთხოვა საქმის წარმოება, თუმცა არ მიუწოდებია ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ. სასამართლომ თავისი მოვალეობა არ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად ავადმყოფობისა, სასამართლოს უნდა გაეგზავნა საპროცესო დოკუმენტი, თანხის გადახდა მის და არა ადვოკატის მოვალეობას წარმოადგენდა. ასევე განმარტა _ მართალია, უწყება შეიძლება წარმომადგენელსაც ჩაჰბარდეს, მაგრამ კონკრეტული საპროცესო მოქმედება მხოლოდ მოსარჩელის შესასრულებელი იყო და მასაც უნდა ჩაჰბარებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად; მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. აღნიშნული მუხლის თანახმად, უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ უწყება გაეგზავნა მხარეს ან მის წარმომადგენელს და ეს უწყება ერთ-ერთ მათგანს ჩაჰბარდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაჰბარდა ლ. მ-შვილის წარმომადგენელ ნ. ხ-ს. მარწმუნებელს უფლება აქვს, აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი ასრულებს მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელზეც ბევრადაა დამოკიდებული ყველა იმ საპროცესო საშუალებების ამოქმედება, რომლებიც მარწმუნებლის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფენ. წარმომადგენლის მიერ ამ საპროცესო საშუალებების გამოუყენებლობა ან კიდევ მის მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა თუ არასათანადოდ შესრულება, გავლენას ვერ მოახდენს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგების დადგომაზე, ვინაიდან მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის არსებული ხელშეკრულება კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა. მარწმუნებელს შეუძლია რწმუნებელს შეუწყვიტოს წარმომადგენლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. ამდენად, წარმომადგენლის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება, როცა მხარე წერილობით მიმართავს სასამართლოს, რაც მარწმუნებელ _ ლ. მ-შვილს კერძო საჩივრის შემოტანამდე არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ. მ-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპროცესო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ პირადად მას უნდა ჩაბარებოდა, ვინაიდან ეს საპროცესო მოქმედება სწორედ მისი შესასრულებელი იყო. როგორც ზემოთ აღინიშნა, უწყება უნდა ჩაჰბარდეს ან მხარეს (მოსარჩელე, მოპასუხე) ან მხარის წარმომადგენელს. ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარება კანონის შესაბამისად უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ადგენს რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში პირადად მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 99-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ.კვანტალიანი

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ბ.ალავიძე