Facebook Twitter

ას-229-218-10 18 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ-ა” (მოპასუხე)- დირექტორი ვ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-შვილი, ნ. ქ-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –სახელფასო და საშვებულებო თანხების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. გ-შვილმა და ნ. ქ-ძემ.

მ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ს-ს“ ოფისში მუშაობის პერიოდში მიუღებელი ერთი თვის ხელფასის 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, კუთვნილი შვებულების თანხის 400 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, დამსაქმებლის ბრალის გამოწვეული 4 თვის იძულებითი მოცდენის 1600 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიუღებელი თანხის 0,07 %-ის ანაზღაურება.

ნ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ს-ში“ მუშაობის პერიოდში მიუღებელი ნახევარი თვის ხელფასის, 125 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, დამსაქმებლის ბრალის გამოწვეული სამთვენახევრის იძულებითი მოცდენის პერიოდის, კერძოდ, 875 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, კუთვნილის შვებულების ნახევრის თანხის, 125 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, ასევე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიუღებელი თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის და ნ. ქ-ძის სარჩელი მოპასუხე შპს „ს-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ს-ს“ მ. გ-შვილის სასარგელოდ დაეკისრა 1 (ერთი) თვის სახელფასო დავალიანების გადახდა 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული 4 (ოთხი) თვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, სულ 200 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. მოპასუხე შპს „ს-ს“ დაეკისრა ასევე ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის მ. გ-შვილისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%, კერძოდ – 1 (ერთი) თვის ხელფასი 400 (ოთხასი) აშშ დოლარის 0,07 % - 2008 წლის აგვისტოდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2008 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის ხელფასების – თითოეულ თვეზე 400 (ოთხასი) აშშ დოლარის 0.07% გადახდა, რომლის ათვლა დაიწყო ცალ-ცალკე ყოველი მომხდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ყოველი თვის ხელფასის გაცემის დროიდან) გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე. მ. გ-შვილის მოთხოვნა შვებულების თანხის 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოპასუხე შპს „ს-ს“ მოსარჩელე ნ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული სამთვენახევრიანი იძულებითი მოცდენის პერიოდის ანაზღაურება 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ასევე, დაყოვნებული თანხის 0,07% გადახდა დაყოვნების და ყოველი დღისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე, ათვლა მოხდა თითოეული თვის ხელფასიდან ცალ-ცალკე ყოველი თვის ხელფასის გაცემის დროიდან – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ქ-ძის მოთხოვნა მიუღებელი ნახევარი თვის ხელფასის 125 (ას ოცდახუთი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და კუთვნილი შვებულების ნახევარი თანხის 125 (ას ოცდახუთი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ-ას“ (სახელწოდების შეცვლამდე შპს ,,ს-ა”) დირექტორმა ვ. გ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. გ-შვილის და ნ. ქ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ.¹2) გაეგზავნა აპელანტ შპს „ს-ს“ (სახელწოდების შეცვლის შემდეგ შპს „მ-ა). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2010 წლის 11 იანვარს ჩაბარდა შპს „მ-ს“ უფლებამოსილ პირს – ორგანიზაციის მენეჯერს (გ. ხ-ძეს), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2010 წლის 11 იანვარს, მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 12 იანვრიდან და ამოიწურა 2010 წლის 25 იანვარს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2010 წლის 25 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით, კერძოდ, სააპელაციო საჩივრით და საფოსტო კონვერტით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2010 წლის 28 იანვარს, აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად იგი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ-ს“ დირექტორმა ვ. გ-ძემ

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საფოსტო კონვერტზე არსებულ მინაწერს, რაც არ არის სწორი, ვინაიდან კონვერტზე აღინიშნა მხოლოდ უშუალოდ ფოსტის მიერ საჩივრის გამოგზავნის თარიღი და არა მათ მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისთვის გადაცემის თარიღი, შესაბამისად, დაცულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისში, ... ქ.¹2-ში) გაეგზავნა აპელანტ შპს „ს-ს“ (სახელწოდების შეცვლის შემდეგ შპს „მ-ას”). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2010 წლის 11 იანვარს ჩაჰბარდა შპს „მ-ას“ უფლებამოსილ პირს – ორგანიზაციის მენეჯერ (გ. ხ-ძეს), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით.

აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 28 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის

73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „მ-მ“ გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საფოსტო კონვერტზე არსებული მინაწერი არსწორია, ვინაიდან კონვერტზე აღინიშნა მხოლოდ უშუალოდ ფოსტის მიერ საჩივრის გამოგზავნის თარიღი და არა მათ მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისთვის გადაცემის თარიღი. აღნიშნულის დასადასტურებლად იგი მიუთითებს შპს ,,სკს” ფოსტის დირექტორის წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ 2010 წლის 25 იანვარს გაიგზავნა ¹... გზავნილი სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა შპს ,,სკს” ფოსტის დირექტორის წერილი, მასზე დართული ქსეროასლი და მიიჩნევს, რომ ისინი ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული ... გზავნილის (ს.ფ.161) ნამდვილობას. აღნიშნული გზავნილი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც საქმეში წარმოდგენილია დედანი დოკუმენტის სახით. მასში მითითებულია, რომ კორესპონდენცია გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2010 წლის 28 იანვარს და დაფიქსირებულია დედანი ხელმოწერა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავს შპს ,,სკს” ფოსტის დირექტორის მიერ წერილში მითითებულ გზავნილის გამოგზავნის თარიღს _ 2010 წლის 25 იანვარს. ამასთან, გზავნილის ქსეროასლს, რომელიც კერძო საჩივარს ერთვის, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან მითითებულ მტკიცებულებაში (გზავნილი ...) ადრესატად დაფიქსირებულია სააპელაციო სასამართლო, მაშინ როდესაც მხარეს სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინა არა სააპელაციო სასამართლოში, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის შეცდომით გაგზავნის შემთხვევაში, საქმეში აუცილებლად იარსებებდა სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მიმართვა სააპელაციო საჩივრის სათანადო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, რაც საქმის მასალებით არ დგინდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ას“ დირექტორი ვ. გ-ძე ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული საფოსტო გზავნილით დადგენილ გარემოებას, საფოსტო გზავნილის 2010 წლის 28 იანვარს გაგზავნის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „მ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.