ას-231-216-2011 11 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შპს «თ-ი», ბ. ბ-ძე, ლ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს « ... ბანკი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვარი განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია, თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკრედიტო ხაზის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს « ... ბანკი « სარჩელი დაკმაყოფილდა:
შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს « ... ბანკი « და შპს «თ-ლს» შორის დადებული 2007 წლის 19 მარტის კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, 2008 წლის 19 მაისის ხელშეკრულება 2007 წლის 19 მარტის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, 2009 წლის 1 აპრილის ხელშეკრულება 2007 წლის 19 მარტის და 2008 წლის 19 მაისის ხელშეკრულებებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე, 2007 წლის 19 მარტის ¹-, 2008 წლის 19 მაისის ¹-, 2009 წლის 1 აპრილის ¹- და 2009 წლის 30 აპრილის ¹- საკრედიტო ხელშეკრულებები;
შპს «თ-ლს» და ბ. ბ-ძეს სს « ... ბანკი « სასარგებლოდ დაეკისრათ 408766.91 აშშ დოლარის და 61007.48 ლარის გადახდა;
დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: ა. ლ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული, - რაიონის სოფელ – ჩ-ი, ქ.¹56-ში მდებარე უძრავი ქონება; ბ. ბ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ქ.¹2-ში მდებარე ქონება; გ. თბილისში, ... ქ.¹2-ში მდებარე ბ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული ქონება.
ამავე გადაწყვეტილებით შპს «თ-ლისა» და ბ. ბ-ძის სარჩელის მოთხოვნები, რომლებიც შეეხებოდა სს ,, ... ბანკი» დადებული ხელშეკრულებების ნაწილობრივ (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში) ბათილად ცნობას, მხარეთა მიერ 2009 წლის 1 აპრილს დადებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და სს « ... ბანკისათვის» 40000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის გამოყოფის დავალებას, არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 212-225).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «თ-ლმა», ბ. ბ-ძემ და ლ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სს « ... ბანკ « სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 235-243).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს «თ-ლის», ბ. ბ-ძის და ლ. ბ-ძის შუამდგომლობები საპროცესო ვადის გაგრძელების ან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დარჩა განუხილველად; შპს «თ-ლის», ბ. ბ-ძისა და ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დასკვნის მოტივად მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს _ შპს «თ-ლს», ბ. ბ-ძესა და ლ. ბ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი, მათ დაევალათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის 7 დღის ვადაში წარდგენა;
2011 წლის 10 იანვარს შპს «თ-ლმა», ბ. ბ-ძემ და ლ. ბ-ძემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადებები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით, მისი ოდენობის შემცირების მოთხოვნით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით დასახელებული განცხადებები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, აპელანტებს 5 დღით გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა;
2011 წლის 21 იანვარს შპს «თ-ლის» და ბ. ბ-ძის წარმომადგენელმა ე. თ-რმა და ლ.ა ბ-ძემ წარადგინეს განცხადებები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვადის რამდენიმე თვით გაგრძელების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტების განცხადებები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 3 დღით;
ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტების შპს «თ-ლის» და ბ. ბ-ძის წარმომადგენელ ე. თ-რს, აგრეთვე, აპელანტ ლ. ბ-ძეს, ჩაჰბარდათ 2011 წლის 27 იანვარს;
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში _ 2011 წლის 28 იანვარს შპს «თ-ლის» და ბ. ბ-ძის წარმომადგენელმა ე. თ-რმა და ლ. ბ-ძემ კვლავ წარადგინეს განცხადებები საპროცესო ვადის 3 თვით გაგრძელების ან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის შესახებ შუამდგომლობებზე აპელანტებს უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრისა და 20011 წლის 26 იანვრის განჩინებებით უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებებით სასამართლოსათვის მიმართვა, წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობას. ამიტომ, რამდენადაც იმავე საფუძვლით აპელანტების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს უარი ერთხელ უკვე ეთქვა, განსახილველი შუამდგომლობები უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასა აპელანტების ის შუამდგომლობებიც, რომლებიც შეეხებოდა ხარვეზის შევსების ვადის სამი თვით გაგრძელებას. სასამართლოს მითითებით, ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობებზე აპელანტებს 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ერთხელ უკვე განემარტათ, რომ მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის რამდენიმე თვით გაგრძელების შესახებ იყო არაგონივრული და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს წარდგენილ საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ ორჯერ, სააპელაციო სასამართლომ მათი ეს შუამდგომლობაც განუხილველად დატოვა.
ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულეს სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, მათ არ წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 3, ს.ფ. 31-34).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს «თ-ლმა», ბ. ბ-ძემ და ლ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება იმ მიზნით, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მისცეს დრო ან საკასაციო სასამართლომ მათ თავად გადაუვადოს ბაჟის გადახდა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა აპელანტების შუამდგომლობა საქმის განხილვის გაჭიანურებად და არასწორად დატოვა განუხილველად როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით. მათ აქვთ უფლება თავიანთი საქმე განხილულ იქნეს არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში. ეს უფლება საერთაშორისო კანონმდებლობითაა რეგლამენტირებული. აპელანტი ორგანიზაცია იმყოფება ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მისთვის 7000 ლარის შეგროვება მარტივი არ არის, ამისათვის 3 დღე ძალიან მცირე ვადაა, სასამართლოს შეეძლო ხარვეზის შესავსებად დროის უფრო დიდი მონაკვეთის დადგენა, რაც არ განახორციელა (ტომი 3, ს.ფ. 41).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «თ-ლის», ბ. ბ-ძისა და ლ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრისა და 26 იანვრის განჩინებებით აპელანტებს _ შპს «თ-ლს», ბ. ბ-ძესა და ლ. ბ-ძეს ორჯერ გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ მათ დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხში შეღავათების გავრცელებას უკავშირებს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს არ წარუდგენიათ (ტომი 3-4, 17-19, 24-26).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლება ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი შუამდგომლობების შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, მათ სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულება მხოლოდ იმის შესახებ, რომ შპს «თ-ლს» ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (ტომი 3, ს.ფ. 15-16), რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასაკმარისია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირებისათვის, ვინაიდან ეს მტკიცებულება სრულყოფილად არ ასახავს აპელანტი ორგანიზაციის ქონებრივ მდგომარეობას. რაც შეეხება აპელანტების – ბ. ბ-ძის და ლ. ბ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საკითხს, მათ სააპელაციო სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რომლებიც მათ მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა და დასაბუთებულს გახდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მათ წაერთვათ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «თ-ლის», ბ. ბ-ძისა და ლ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.