ას-236-221-2011 21 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-შვილის მიმართ უძრავი ქონების ¼1/4-ზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე დაიბადა 1965 წელს, 1960 წლიდან მისი მშობლები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1973 წელს აშენებულ იქნა მათი საცხოვრებელი სახლი ქ.ქუთაისში, ... და .... ქ.¹51/20-ში და იმავე ... ქ. ¹49-ში. ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული სახლი ტექაღრიცხვის ბიუროში აღირიცხა მამის - თ. მ-შვილის სახელზე, მაგრამ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. სახლის აშენებიდან მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ. მოსარჩელის დედა გარდაიცვალა 2003 წელს. ოჯახში უკმაყოფილების გამო მოპასუხემ მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ. მ-შვილი ითვლება ნ. პ-შვილის დანაშთი ქონების სადავო სახლის 1/4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
მოპასუხე თ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-შვილი ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... და ... ქ. ¹51-20-ში, იმავე ... ქ. ¹49-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4¼-ის მესაკუთრედ, რაც საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხე თ. მ-შვილს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაზედაც სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით მას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სააპელაციო პალატამ 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით არ გაიზიარა თ. მ-შვილის არგუმენტი, იმის თაობაზე რომ მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარმოება არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებისა ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 372-ე მუხლით, 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან იგი, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ინვალიდი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს გარკვეულ პირთა წრეს, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, კერძოდ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები ყველა სარჩელზე. ამდენად, პირებს, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დაცვით ინვალიდებად არიან ცნობილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.
საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც ინვალიდი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 1 თებერვის ¹05/512 ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ თ. მ-შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია უვადოდ (ტ.II, ს.ფ. 38, 117).
რაც შეეხება ხარვეზის განჩინების მეორე მოთხოვნას - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მითითებული ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით თ. მ-შვილს დაუდგინდა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 5 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2011 წლის 12 იანვარს (ტ.II. ს.ფ.98). აპელანტმა 2011 წლის 26 იანვარს ისევ მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სააპელაციო პალატამ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების მიზენშეუწონლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, არ წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ას-236-221-2011 19 აპრილი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-შვილის მიმართ უძრავი ქონების ¼1/4-ზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე დაიბადა 1965 წელს, 1960 წლიდან მისი მშობლები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1973 წელს აშენებულ იქნა მათი საცხოვრებელი სახლი ქ.ქუთაისში, შ-ძე და ლ-ლი ქ.¹51/20-ში და იმავე შ-ძის ქ. ¹49-ში. ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული სახლი ტექაღრიცხვის ბიუროში აღირიცხა მამის – თ. მ-შვილის სახელზე, მაგრამ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. სახლის აშენებიდან მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ. მოსარჩელის დედა გარდაიცვალა 2003 წელს. ოჯახში უკმაყოფილების გამო მოპასუხემ მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ. მ-შვილი ითვლება ნ. პ-შვილის დანაშთი ქონების სადავო სახლის 1/4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
მოპასუხე თ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-შვილი ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, შ-ძისა და ქ-ლის ქ. ¹51-20-ში, იმავე შ-ძის ქ. ¹49-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4¼-ის მესაკუთრედ, რაც საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხე თ. მ-შვილს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაზედაც სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან იგი, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ინვალიდი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, «ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს» ნაცვლად მითითებულია «თბილისის სააპელაციო სასამართლო».
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, როგორც მხარეთა მოთხოვნით, ისე საკუთარი ინიციატივით გაასწოროს სასამართლო გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში დაშვებული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად უნდა შესწორდეს აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად «თბილისის სააპელაციო სასამართლოს» უნდა მიეთითოს «ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს».
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2011 წლის 21 მარტის ¹ ას-236-221-2011 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად «თბილისის სააპელაციო სასამართლოს» მიეთითოს «ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს».
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.