Facebook Twitter

ას-239-225-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ხ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “სამოქალაქო საქმეთა თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი”(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ხ-იამ სარჩელით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს “......... არბიტრაჟის” მიმართ ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ვ.ხ-იას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის დავალდებულების მოთხოვნით. აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით შეჩერდა ვ.ხ-იას მიერ აღძრული საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოება კ. ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-იას სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და მხარეს უარი ეთქვა მის მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35624 მუხლებით, “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით, 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრდება ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ და დამთავრებულ, ასევე კანონის ამოქმედების შემდგომ დამთავრებულ საარბიტრაჟო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებები. მოცემულ შემთხვევაში შპს “........... არბიტრაჟის” გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია 2009 წლის 21 დეკემბერს, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მასზე 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასამართლო წარმოებისას წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონის ანალოგიის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი და ვ. ხ-იას უარი ეთქვას საჩივრის მიღებაზე, რადგან საქმე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით პალატამ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს შეუძლია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ხ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ვლ.ხ-იას მიერ შეტანილი სარჩელი საჩივრად და უკანონოდ უთხრა უარი მის მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ცალსახად აწესებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის შეტანას, მხარემ სადავო საკითხზე თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრა სარჩელი, თუმცა 2010 წლის 1 თებერვლის ¹2/486-10 განჩინებით ვ.ხ-იას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და მიეთითა, რომ უნდა მიემართა განსჯადი სასამართლოსათვის _ სააპელაციო პალატისათვის. სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 43513 მუხლი და ეხელმძღვანელა საქმის განხილვის დროს არსებული კანონმდებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

მითითებული ნორმების შინაარსის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს კერძო საჩივარი იმის შემდეგაც, რაც წარმოებაში მიიღებს მას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ვლ.ხ-იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, კერძოდ:

“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში სასამართლოს მონაწილეობას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-71 თავიც, რომლის 35613 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს არბიტრაჟთან დაკავშირებით სასამართლოში განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში სასამართლოს დახმარების შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების მხოლოდ კონკრეტული, კანონით ზუსტად განსაზღვრული კატეგორიის საქმეები.

განსახილველ შემთხვევაში ვ. ხ-იას მოთხოვნაა შპს “........... არბიტრაჟის” 2009 წლის 21 დეკემბრის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც საარბიტრაჟო წარმოება მის საარბიტრაჟო პრეტენზიაზე შეჩერდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის საქმე სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, რადგან საარბიტრაჟო წარმოების შეჩერების კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვა არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ვ. ხ-იას უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 1 მარტს ხათუნა გრიგალაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ხ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ვ. ხ-იას დაუბრუნდეს ხათუნა გრიგალაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.