Facebook Twitter

ას-242-228-10 13 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ე-ავი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ე-ავის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა ქორწინება თ. ბ-ძესა და რ. ე-ავს შორის, რეგისტრირებული 2002 წლის 11 მაისს თბილისის სარ ¹2 განყოფილებაში, სააქტო ჩანაწერით ¹84; მოპასუხე რ. ე-ავს თ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2004 წლის 1 თებერვალს დაბადებული მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 70 ლარის ოდენობით, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 90-96).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ე-ავმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის მისთვის 70 ლარის ნაცვლად 50 ლარის გადახდის დაკისრება (ს.ფ. 101-109).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით რ. ე-ავის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ე-ავი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ, კერძოდ, თ. ბ-ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის 2004 წლის 1 თებერვალს დაბადებული მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის 70 ლარის დაკისრების ნაწილში და ითხოვს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის მისთვის მხოლოდ 50 ლარის გადახდის დაკისრებას (ს.ფ. 102).

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი სადავოდ ხდის ალიმენტის ოდენობის ნაწილს – 20 ლარს (იგი ითხოვს ალიმენტის 70 ლარის ოდენობით გადახდის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით გადახდის მასზე დაკისრებას), შესაბამისად, რ. ე-ავის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 240 (20 X 12 = 240) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულების გამო დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ე-ავმა. მან მიუთითა, რომ მართალია, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 240 ლარს, მაგრამ მას არა აქვს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდის შესაძლებლობა, კერძოდ, სასამართლომ მას დააკისრა ალიმენტის ყოველთვიურად 70 ლარის გადახდა, კერძო საჩივრის ავტორს კი არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს აღნიშნული თანხა. ის თანახმაა გადაიხადოს 50 ლარი, სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ რ. ე-ავის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების თაობაზე სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ. ე-ავი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ, კერძოდ, თ. ბ-ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის 2004 წლის 1 თებერვალს დაბადებული მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის 70 ლარის დაკისრების ნაწილში და ითხოვს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ე-ავის რჩენა-აღზრდისათვის მისთვის მხოლოდ 50 ლარის გადახდის დაკისრებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობის ნაწილი – 20 ლარი, რაც შეადგენს წელიწადში 240 (20 X 12 = 240) ლარს. აქედან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 240 ლარს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო მოცემული დავის საგნის ღირებულება შეადგენს 240 ლარს, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ე-ავის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.