Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №8აგ-20 16 დეკემბერი, 2020 წელი

გ. ვ., 8აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ვ. გ., - -

ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,” ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. ს-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. კ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ს. კ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,” ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - თითოეული სხვა სასჯელიდან დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ. გ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

2. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით ვ. გ-ის შუამდგომლობა ნასამართლობის მოხსნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. 2019 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. გ-მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. კასატორი - მსჯავრდებული ვ. გ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და მისთვის მითითებას, რომ დაუშვას ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

11. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსამართლეებს ვ. ლ-ეს, ნ. ბ-ესა და მ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 94-ე, 97-ე, 62-ე მუხლების საფუძველზე არ ჰქონდათ უფლება, განეხილათ ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი; ამასთან, დაზარალებული ს. კ., არ ადასტურებს ნაკაწრის მიყენებას სანთებელაზე მისი მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ ასახელებს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც ცნობილი არ იყო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

4. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა და რომ გამოკვეთილი იყო სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის გამომრიცხავი გარემოებები. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაშიც. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აქვს ნამსჯელი (მაგ. იხ. 12აგ-18 და №220აგ-16 გადაწყვეტილებები).

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ვ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი