საქმე ¹ას-25-24-2010 22 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ჯ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ძის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე, მისი საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მ.შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, გ.ნ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ “ა-ს” სარდაფის სართულის 16,10 კვ.მ ¹4 ოთახისა და მის წინ მდებარე 11,34 კვ.მ სათავსის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა.
გ. ნ-შვილის მეუღლე ბ. ჯ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელის მსგავსად აქვს სადავო საცხოვრებელ სადგომზე უფლება. მოცემული საქმის განხილვისას ბ.ჯ-შვილი სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა, ვინაიდან მეუღლემ აღნიშნული დავის არსებობა მას დაუმალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბ.ჯ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2009 წლის 14 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა განმცხადებელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ საფუძველზე მითითება, რომლითაც მხარემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ბ. ჯ-შვილს შეეძლო როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, დაუსაბუთებელია ბ.ჯ-შვილის მითითება მოცემული დავის არსებობის არცოდნის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ბ.ჯ-შვილმა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეიტყო მოცემული დავის არსებობის ფაქტი. აღნიშნულის დასადასტურებლად პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ.ნ-შვილის სახელზე პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება ადრესატისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისმა მეუღლე ბ. ჯ-შვილმა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ, ზემოხსენებული გარემოების მიუხედავად, ბ.ჯ-შვილს საქმეში მხარედ ჩაბმის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც თავისთავად გამორიცხავს მოცემული განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. ჯ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გ.ნ-შვილისა და დ.შ-ძის მორიგებით დაირღვა ბ.ჯ-შვილის უფლებები. უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავო ბინის ისეთივე მოსარგებლეა, როგორც გ.ნ-შვილი. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ რადგან ბ.ჯ-შვილი გ.ნ-შვილის რეგისტრირებული მეუღლეა, მისთვის ცნობილი იყო მოცემული დავის არსებობის ფაქტი. ბ.ჯ-შვილი ძირითადად ცხოვრობს სოფლად და მეუღლის საქმიანობას სრული მოცულობით არ იცნობს. სადავო ფართზე უფლება მხარეს წარმოეშვა არა გ.ნ-შვილთან რეგისტრირებული ქორწინების, არამედ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ბ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია დავის განხილვა იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ობიექტურად ეხება.
მოცემულ შემთხვევაში ბ. ჯ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მითითებული განჩინებით დამტკიცდა მორიგება უძრავ ნივთზე, რომელზეც უფლება ბ.ჯ-შვილსაც გააჩნდა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორი საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა და მოცემული საქმის განხილვის შესახებ განცხადების შეტანამდე მისთვის ცნობილი არ გამხდარა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი 2008 წლის 11 თებერვლისა და 21 ოქტომბრის ხელწერილების შესაბამისად, გ.ნ-შვილის სახელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყებები ჩაბარდა ადრესატის მეუღლეს _ ბ. ჯ-შვილს. აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს, რომ ბ.ჯ-შვილისათვის მიმდინარე დავის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მას საქმეში მხარედ ჩაბმის მოთხოვნით სასამართლოს არც ერთი ინსტანციისათვის არ მიუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ ბ.ჯ-შვილის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე მხარეს არ მიუთითებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.