Facebook Twitter

ას-256-241-2011 28 აპრილი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის ზაფხულში ე. გ-შვილმა და ნ. მ-ძემ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შექმნეს ერთობლივი ამხანაგობა იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობის მიზნებისათვის 2007-2008 წლებში «... ბანკიდან» მოპასუხის სახელზე გამოტანილ იქნა სესხი 53 000 აშშ დოლარი და 42 000 აშშ დოლარი. აღნიშნული 42 000 აშშ დოლარით შეძენილ იქნა 8 ავტომანქანა, მათ შორის 1989 წელს გამოშვებული ,,მერსედეს ბენცი” სანომრე ნიშნით - . სადავო ავტომანქანა იყიდა 4 700 აშშ დოლარად, საიდანაც 3 000 აშშ დოლარი იყო ამხანაგობის ფული, ხოლო 1 700 აშშ დოლარი მოსარჩელის პირადი სახსრები. მოსარჩელემ შემდგომ 3 000 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს. 2008 წლის მარტში მხარეთა შეთანხმებით ამხანაგობის ზეპირი ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში მყოფი სადავო ავტომანქანა იმ პირობით, რომ მოპასუხე 2 თვის ვადაში გაასხვისებდა ამხანაგობის ა/მანქანებს, ასევე მის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანას და ბანკიდან ამხანაგობისათვის გამოტანილ კრედიტს დაფარავდა, თავდებობიდან გაათავისუფლებდა მოსარჩელის საკუთრებას დაბა ს-ში, ასევე მის საკუთრებაში მყოფი ავტოანქანის რეალიზაციით ამონაგები თანხიდან 1 700 აშშ დოლარს უკან დაუბრუნებდა. მოპასუხემ აღნიშნული ავტომანქანა გაასხვისა 4 000 აშშ დოლარად და მოსარჩელეს შეპირებული 1 700 აშშ დოლარი არ დაუბრუნა, რის გამოც მყიდველს არ გადაუფორმა მოსარჩელემ ავტომანქანა. სადაო ავტომანქანა იმყოფება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში და მოთხოვნის მიუხედავად არ აბრუნებს მას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. გ-შვილის სასარგებლოდ ნ. მ-ძის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ე. გ-შვილის სახელზე რიცხული ავტომანქანა 1989 წელს გამოშვებული ,,მერსედეს ბენცი” სანომრე ნიშნით -, მასზე დამონტაჟებული გაზის მოწყობილობით, ავტომანქანის დისკებითა და მაგნიტოფონით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 13 დეკემბერს ნ. მ-ძეს პირადად ჩაჰბარდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნ. მ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 31 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ამავე წლის 14 დეკემბერს, რომელზეც 15 დეკემბერს მიმართა ამავე სასამართლოს განცხადებით უსწორობის გასწორების შესახებ. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულზე სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბერს გადაწყვეტილება მას ამავე წლის 21 დეკემბერს ჩაჰბარდა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს მას ჩაჰბარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან მასში უსწორობა იყო, ხოლო ამავე წლის 21 დეკემბერს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება(უსწორობის გასწორების შემდეგ), საიდანაც უნდა ათვლილიყო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _დღიანი ვადა. სააპელაციო საჩივრის განუხილიველად დატოვების განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (ტ.I, ს.ფ. 81) დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 13 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს მას ჩაბარდა რაიონული სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე წლის 21 დეკემბერს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება, საიდანაც უნდა ათვლილიყო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _დღიანი ვადა. ნ. მ-ძე ამ მოსაზრებას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე უსწორობის გასწორების შესახებ მხარეს ჩაჰბარდა 2010 წლის 21 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა უსწორობა. ამასთან, კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს მხოლოდ ისეთი შესწორების შეტანას, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილების შინაარსს და შედეგს, არამედ გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით. შესაბამისად, გადაწყვეტილების უსწორობის გასწორება გავლენას არ ახდენს მის დასაბუთებაზე და მით უფრო, გასაჩივრების წესზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული ნ. მ-ძის მითითება, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 14 დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა სავსებით სწორად აითვალა 2010 წლის 13 დეკემბრიდან და მართებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის 2010 წლის 31 დეკემბერს შეტანით ნ. მ-ძემ ზემოხსენებული ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ხოლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.