Facebook Twitter

ას-258-243-2010 26 აპრილი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (განმცხადებლები) _ მ. ხ-ური, ლ. დ-შვილი

მოპასუხეები _ ი. ს-ძე, მ. დ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 9 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. გ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ს-ძისა და მ. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხე ნ. ს-ძისაგან მოითხოვა საკუთარი ხარჯებით ეზოს გათავისუფლება მის მიერ უკანონოდ აშენებული დამხმარე ნაგებობებისგან, აგრეთვე, ორივე მოპასუხისაგან _ ეზოს პირვანდელი მდგომარეობაში აღდგენა, ისე, რომ ახალ საზღვრებში მოქცეულიყო მ. დ-შვილისთვის უკანონოდ გადაცემული მიწის ნაკვეთი და მისი კუთვნილი სარდაფი.

სარჩელის თანახმად, ვ. გ-ძემ 1995 წლის მაისსა და 1999 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით შეიძინა თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში, ორსართულიანი სახლის მე-2 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ფართი, სულ ოთხი ოთახი, შუშაბანდით, სამზარეულოთი, სარდაფითა და სველი წერტილებით, რაც წარმოადგენდა მთელი საცხოვრებელი სახლის 76/171 წილს. სახლი განლაგებული იყო 248 კვ.მ მიწის ფართზე, რაც დასტურდებოდა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმით. ამ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული გეგმის მიხედვით, განლაგებული იყო საერთო სარგებლობის დამხმარე სახის 2 ნაგებობა ფართით 15 კვ.მ და ორი სარდაფი ფართით 21 კვ.მ. 2002 წლის დასაწყისში, როდესაც მოსარჩელეს გაუჩნდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ მოპასუხე ნ. ს-ძეს მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაუნგრევია ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობები და მიწის ნაკვეთის ნაწილი, დაახლოებით 40 კვ.მ, რომელშიც მოქცეული იყო ვ. გ-ძის კუთვნილი სარდაფი და იგი გადაუცია მოსაზღვრე მეზობელ მ. დ-შვილისათვის. არსებული დარღვევების დაფიქსირებისა და დადასტურების მიზნით მოსარჩელემ მიმართა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს, სადაც შედგენილი გეგმით დადგინდა, რომ ნ. ს-ძის მიერ ადრე არსებული ორი ნაგებობის ნაცვლად უკანონოდ იყო აშენებული 4 კვ.მ სათავსი, რაც შეუძლებელს ხდიდა ეზოს დარჩენილი ნაწილით სარგებლობას, ხოლო მ. დ-შვილისათვის უკანონოდ გადაცემული იყო დაახლოებით 40 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც მოექცა ვ. გ-ძის 10 კვ.მ სარდაფი (ტომი I, ს.ფ. 4-5).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, .../... ქ. ¹20/8-ში მდებარე, ვ. გ-ძისა და ნ. ს-ძის საერთო სარგებლობაში არსებული ეზოს ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 27 მაისის გენ. გეგმის შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 85-86).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი. ს-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ი. ს-ძესა და მ. დ-შვილს დაევალათ თბილისში, ... ქ. 20/8-ში მდებარე თავისუფალი საეზოვე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 1 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 1 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ირიცხებოდა ვ. გ-ძისა და ი. ს-ძის სახელზე;

დასახელებულ სახლზე, იმავე საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, მთლიანად ირიცხებოდა 248 კვ.მ მიწის ფართი, აქედან განაშენიანების ფართი შეადგენდა 194,55 კვ.მ-ს, დანარჩენი იყო ეზო;

საინვენტარიზაციო გეგმის მითითებული ჩანაწერი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

... ქ. ¹20/8-ის ეზოში განთავსებული იყო ი. ს-ძის საკუთრებაში არსებული სათავსო, რომელიც მან გაასხვისა მ. დ-შვილზე და აღნიშნული დროისათვის თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში, მ. დ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება 14.2 კვ.მ სათავსი;

მითითებული სათავსი, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით მდებარეობდა ... პირველ შესახვევი ¹3-ის მომიჯნავედ, რეალურად არ არსებობს, დანგრევის გამო დარჩენილია მისი ერთი კედელი ... ქ. ¹20/8-ის მხარეს, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს ამ ორ სახლთმფლობელობას შორის გამყოფ კედელს;

საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ი. ს-ძის სათავსის გაყოლებაზე არსებული ეზოს თავისუფალი მიწის ნაწილი გადასული იყო და მდებარეობდა ... პირველი შესახვევის ¹3-ში მ. დ-შვილის სახლთმფლობელობაში;

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. დ-შვილს საერთო საკუთრება წარმოეშვა ი. ს-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მისი საკუთრება ვრცელდებოდა მის მიერ შეძენილ 14.2 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და იგი ვერ იქნებოდა თბილისში, ... ქ. ¹20/8-ის საეზოვე მიწის ნაკვეთის თანაზიარი თანამესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ-ძის კუთვნილი სათავსის ქვეშ განთავსებული მიწის ნაკვეთი არ შედიოდა მხარეთა თანაზიარ საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ვ. გ-ძის მოთხოვნა ი. ს-ძესთან თანაზიარ საკუთრებაში არსებული საეზოვე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე, რამდენადაც ი. ს-ძე გასცდა სამოქალაქო კოდექსის 955.2 მუხლით მინიჭებულ უფლებას, ესარგებლა საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიდგომოდა დანარჩენ მონაწილეთა სარგებლობას და მეორე თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე განკარგა საერთო საკუთრების საეზოვე მიწის ნაწილი. ი. ს-ძის ნებართვის საფუძველზე, ეზოს საზიარო მიწის ნაკვეთის მ. დ-შვილის სახლთმფლობელობაში გადასვლით, მოხდა თანასაკუთრებაში არსებული სასაეზოვე მიწის ნაკვეთის შემცირების ხარჯზე, რითაც ვ. გ-ძეს შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლება, ესარგებლა თანასაკუთრებაში არსებული საეზოვე მიწის ნაკვეთით, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 368-372).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ს-ძემ და მ. დ-შვილმა (ტომი I, ს.ფ. 388-401).

საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ი. ს-ძისა და მ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი I, ს.ფ. 426-431).

2009 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს მ. ხ-ურმა და ლ. დ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. ხ-ური და ლ. დ-შვილი არიან თბილისში, ... პირველი შესახვევის ¹3-ის თანამესაკუთრეები. მათ გარდა დასახელებულ მისამართზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ჰყავს კიდევ 5 თანამესაკუთრე, მათ შორის, მ. დ-შვილი. 2009 წლის მაისში განმცხადებლებისათვის ცნობილი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მოხდა მათ თანასაკუთრებაში არსებული 58.2კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემა თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში მდებარე სახლთმფლობელობისათვის. განმცხადებელთა მითითებით, მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მათ ინტერესებს და ისინი მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ საქმის განხილვაში, რაც არ მომხდარა.

განცხადებაში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად დასახელებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (ტომი II, ს.ფ. 1-4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ურისა და ლ. დ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ს-ძესა და მ. დ-შვილს დაევალათ თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში მდებარე თავისუფალი საეზოვე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 1 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ადგილი ჰქონდა თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში მდებარე სახლთმფლობელობის საერთო ფართის 58.2 კვ.მ-ით შემცირებას მომიჯნავედ არსებული ... პირველი შესახვევის ¹3 სახლთმფლობელობის ხარჯზე, რომლის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ განმცხადებლები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. ხ-ური და ლ. დ-შვილი მიწვეული არ იყვნენ ამ საქმის განხილვაში, მაშინ როდესაც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მათ უფლებებს და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

იმის გამო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა განმცხადებლების უფლებებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე (ტომი II, ს.ფ. 201-203).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის არსებითი განხილვისას, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, აგრეთვე, ადგილზე დათვალიერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 58.2 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე მოსარჩელის თანასაკუთრებაში იმყოფებოდა, ი. ს-ძესთან ერთად უკანონოდ მიითვისა მ. დ-შვილმა. მანვე უკანონოდ მოახდინა ნაკვეთზე დაშენება. ამასთან, სადავო ადგილი მხოლოდ მ. დ-შვილის სახლთმფლობელობაში იმყოფებოდა და სხვა პირებს მასზე არანაირი კავშირი არ გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მიწვეული პირების გარდა არ შეიძლებოდა კიდევ ვინმეს ინტერესებს შეხებოდა. აქვე, ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი განმცხადებელი _ ლ. დ-შვილი არის მ. დ-შვილის ღვიძლი და, რომელიც მასთან ცხოვრობს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ლ. დ-შვილმა იცოდა საქმის სასამართლოში განხილვის შესახებ, თუმცა მასში მხარედ ჩაბმა არ მოუთხოვია (ტომი II, ს.ფ. 210).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თბილისში, ... ქუჩის ¹20/8-ში მდებარე სახლთმფლობელობის საერთო ფართის 58.2 კვ.მ-ით შემცირება მოხდა მომიჯნავედ, ... ქუჩის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობის ხარჯზე. აღნიშნული ნაკვეთი სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია “თავისუფალ საეზოვე ფართად” (ტომი I, ს.ფ. 368-372). დღეის მდგომარეობით განმცხადებლების მიერ საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.03.2005წ. ¹40/ი/1081-05 ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემების თანახმად, თბილისში, ... პირველი შესახვევის ¹3-ის 29/270 წილი ირიცხება ლ. დ-შვილის სახელზე, საფუძვლად მითითებულია 21.01.1994წ. ნოტარიულად დამოწმებული ¹2-28 ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 5). გარდა ამისა, განმცხადებლებმა საქმეზე წარადგინეს 2008 წლის 26 სექტემბრისა და 2008 წლის 8 ივლისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელთა თანახმად, ლ. დ-შვილი და მ. ხ-ური არიან თბილისში, ... პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეები (ტომი II, ს.ფ. 23, 27). ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მ. ხ-ური და ლ. დ-შვილი არიან თბილისში, ... ქუჩის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეში მ. ხ-ური და ლ. დ-შვილი ჩაბმული არ ყოფილან.

საკასაციო სასამართლო სრულიად დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება განმცხადებლების უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. აღნიშნული გარემოება განმცხადებლებს აქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცესუალურ სუბიექტებად. კანონის მითითებული ნორმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში. სადავო შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განიკარგა მ. ხ-ურისა და ლ. დ-შვილის მატერიალურსამართლებრივი უფლებები, რამდენადაც ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ... ქუჩის ¹20/8-ში მდებარე სახლთმფლობელობის საერთო ფართის 58.2 კვ.მ-ით შემცირება მოხდა სწორედ იმ ფართის (... ქუჩის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობა) ხარჯზე, რომლის თანამესაკუთრეებსაც ისინი წარმოადგენდნენ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ვ. გ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს _ ი. ს-ძესა და მ. დ-შვილს დაევალათ თბილისში, ... ქ. ¹20/8-ში მდებარე თავისუფალი საეზოვე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 1 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით.

საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოება, რომ ლ. დ-შვილსა და მ. ხ-ურს შეეძლოთ ბათილად ცნობის საფუძვლის წამოყენება საქმის განხილვისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ურისა და ლ. დ-შვილის განცხადება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობას და სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.