ბს-1222-797(კ-05) 2 მარტი, 2006წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თანამდებობრივი სარგოს მიუღებელი დანამატის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 22 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. ჭ-ამ, გ. ზ-ამ, ვ. მ-ამ, ა. შ-ამ, ს. ქ-ამ, ვ. პ-ამ, ბ. მ-მა, დ. შ-ამ, თ. ნ-ამ, მ. ჭ-ამ, მ. ჭ-ამ, დ. გ-ამ, პ. ფ-ამ, ი. ბ-ამ, ა. ბ-ამ, მ. ს-ამ, ტ. კ-მა, რ. ძ-ამ, ნ. რ-ამ და რ. ჭ-ამ მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის, მესამე პირის _ პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის თითოეული მათგანის სასარგებლოდ 1080 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორებსა და უბნის ინსპექტორებს დაუწესდათ თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით. ამის მიუხედავად‚ მოსარჩელეებს 2004წ. 21 აგვისტოდან 2005წ. 21 თებერვლამდე კუთვნილი თანხა არ ჰქონდათ მიღებული. მითითებული პერიოდის (ექვსი თვის) გაანგარიშებით კუთვნილი თანხის ოდენობა თითოეულ მათგანზე შეადგენდა 1080 ლარს.
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა 2004წ. სექტემბრის თვიდან 2005წ. 21 თებერვლამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურება, რამაც თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 720 ლარი შეადგინა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას, გ. ზ-ას და სხვების სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ფოთის მთავრობას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითოეულზე სახელფასო დანამატის _ 720 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ირიცხებოდნენ ფოთის შს სამმართველოს პირადი შემადგენლობის რიგებში, უბნის ინსპექტორის თანამდებობებზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების თანახმად, საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების უბნის უფროს ინსპექტორებსა და ინსპექტორებს განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე 180 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტით ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ფოთის მთავრობა არ იყო ვალდებული, აენაზღაურებინა მოსარჩელეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ¹347 ბრძანებულებით განსაზღვრული დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე, ვინაიდან წლიური საბიუჯეტო კანონით ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დაფინანსებას ახორციელებდა ქ. ფოთის მთავრობა.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ხელფასი (დანამატები) ფინანსდებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტისაგან. ამასთან, ქ. ფოთის საკრებულოს 2005წ. 25 თებერვლის ¹6/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ქალაქ ფოთის 2005წ. ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკთა დაფინანსება, რის გამოც ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ ფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ფოთის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორებად და მათი ხელფასები ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მოსარჩელეები უბნის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდნენ 2004წ. 12 ივლისიდან 2004წ. 30 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი დაუწესდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის, საგამოძიებო დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველოს, გენერალური ინსპექციის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს, სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს, სამხარეო სამმართველოების (სამმართველოს) საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების თანამშრომლებს ამ ბრძანებულების დანართის შესაბამისად. ხსენებული დანართის თანახმად, უბნის უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორის დანამატი განისაზღვრა 180 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები წარმოადგენდნენ პრეზიდენტის ზემომითითებული ბრძანებულებით განსაზღვრულ შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებზედაც უნდა გავრცელებულიყო ბრძანებულებით დადგენილი სოციალური გარანტიები. ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო წლიური საბიუჯეტო კანონით შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. «2004წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2004წ. განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემა უნდა განხორციელებულიყო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯვისათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. «პოლიციის შესახებ» კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიონის (ქალაქის) შინაგან საქმეთა განყოფილებებში საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, შეეძლოთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ პოლიციის თანამშრომელთა დამატებითი საშტატო ერთეული (ნორმა ძალაში იყო 2004წ. 10 ნოემბრამდე). ქალაქ ფოთის მთავრობა არ უარყოფდა, რომ მოსარჩელეები ხელფასით ფინანსდებოდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ამდენად, სახელფასო დანამატიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო, რადგან «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის «ბ» პუნქტით პოლიციის თანამშრომელი იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებში მოიაზრებოდა პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით დადგენილი დანამატი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისი იყო, რომ «მოსარჩელეებს თანამდებობრივი სარგოს დანამატი _ თითოეულზე თვეში 180 ლარის ოდენობით 2004წ. 1 სექტემბრიდან 2004წ. 30 დეკემბრამდე, თითოეულს 720 ლარი, ანაზღაურებოდათ ქ. ფოთის მთავრობისაგან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეებისათვის ქალაქ ფოთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა «ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის ¹37 ბრძანებულების «ბ» ქვეპუნქტით) შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ხელფასები და დანამატები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ქ.ფოთის საკრებულოს 2005წ. 25 თებერვლის ¹6/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ქ. ფოთის 2005წ. ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკთა დაფინანსება.
კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, «შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის სამმართველოს მუშაკთა ხელფასებისა და დანამატების დაფინანსება გათვალისწინებული იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავდა, რომ ქ. ფოთის მთავრობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელადაა დატოვებული გადაწყვეტილების საპროცესო ფორმით მიღებული სასამართლო აქტით, მაშინ როდესაც სსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც სასამართლო უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მიიღება განჩინების ფორმით.
მართალია, სააპელაციო სასამართლომ საქმეში მოპასუხედ ჩააბა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ისე განიხილა სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მოუწვევია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და არ მოუსმენია მისი ახსნა-განმარტება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით საქმეში ახალი პროცესუალური სუბიექტის მონაწილეობის გამო სააპელაციო სასამართლოს უცვლელად კი არ უნდა დაეტოვებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 377-ე მუხლის, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეები ასრულებდნენ უბნის ინსპექტორის მოვალეობას 2004წ. 12 ივლისიდან 2004წ. 30 დეკემბრამდე და სახელფასო დანამატი უნდა აუნაზღაურდეთ აღნიშნული პერიოდის შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის გამოკვლეული საქმის მასალებში წარმოდგენილ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005წ. 24 მარტის წერილის დანართში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე რ. ჭ-ა შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში დაინიშნა 2004წ. 24 ნოემბრიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება, გამოარკვიოს, თუ როდის და რა თანამდებობაზე დაინიშნა მოსარჩელე რ. ჭ-ა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში და როდიდან გახდა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების სუბიექტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატის გაცემა ევალებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების მე-2 პუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. ამდენად, მოცემულ ნორმაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ დაფინანსების წყაროა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პოლიციის შესახებ» კანონის თანახმად მოსარჩელეები საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან _ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან. მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო განაცდურის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს აღნიშნული საჯარო შრომითი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით და არა ქ. ფოთის მთავრობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო პრეტენზიას, რომ მოსარჩელეებისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა კასატორი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 394-ე მუხლისა და 412-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით უნდა დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება