ას-259-243-2011 11 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ.-პ-ი» (წარმომადგენელი ნ. ჩ-ლი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ლ-ია, შპს «მ. ე. პ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ დავალიანების გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ.-პ-იმა» მოპასუხეების _ ი. ლ-იასა შპს «მ. ე. პ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიწოდებული საქონლის ღირებულების 9800 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო სარჩელის აღძვრის დროისათვის (2010 წლის 14 ივნისი) არსებული პირგასამტეხლოს 3798.85 ლარის და სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%-ის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ.-პ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს «მ. ე. პ-გს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის ღირებულების სახით 9800 ლარის, პირგასამტეხლოს სახით სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე (2010 წლის 14 ივნისი) ერთჯერადად 3798.85 ლარის, ხოლო 2010 წლის 14 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის 9800 ლარის 3%-ის, 294 ლარის ანაზღაურება. ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-ის» სარჩელი მოპასუხე ფიზიკური პირის ი. ლ-იას მიმართ არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 69-74).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 85-93).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ.პ-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება აპელანტ თ. თ-შვილის მეუღლეს ჩაჰბარდა 2010 წლის 23 ოქტომბერს. თ. თ-შვილის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ლმა სააპელაციო საჩივარი მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა 2010 წლის 10 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, ასეთად მიიჩნია თ. თ-შვილის მეუღლე, რომელსაც პირადად ჩაჰბარდა გზავნილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. თ-შვილის მეუღლის მიერ მოსარჩელისათვის გადასაცემი კორესპონდენციის ჩაბარება უნდა ჩათვლილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. თ-შვილს სადავო გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების 2010 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში _ 2010 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ ვინაიდან 6 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე, შაბათი, შესაბამისად თ. თ-შვილს უფლება ჰქონდა სააპელაციო საჩივარი წარედგინა მომდევნო სამუშაო დღეს _ 8 ნოემბერს. რამდენადაც სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2010 წლის 10 ნოემბერს, იგი იყო დაუშვებელი კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 2-4).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-მა» კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად შემდეგ არგუმენტებზე მიუთითებს:
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2010 წლის 29 ოქტომბერს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს, საიდანაც სააპელაციო საჩივარი მის მიერ კანონით დადგენილ ვადაშია შეტანილი;
თ. თ-შვილს აქვს ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც იგი ერთ წელიწადზე მეტია აღარ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე. მისმა ყოფილმა მეუღლემ სასამართლოს გზავნილი ისე ჩაიბარა, რომ არ აცნობა კურიერს მოცემულ მისამართზე ადრესატის არყოფნის და მისი სხვაგან ცხოვრების შესახებ. მას გზავნილის თაობაზე არ შეუტყობინებია არც თ. თ-შვილისათვის. სასამართლო გზავნილის ოჯახის წევრისათვის ან სხვა პირისათვის ჩაბარება გულისხმობს, რომ გზავნილის მიმღები პირი დროულად გადასცემს გზავნილს ადრესატს, ამასთან, ოჯახის წევრად არ ითვლება ყოფილი მეუღლე. ამდენად, ყოფილი მეუღლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს აპელანტისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებად. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2010 წლის 23 ოქტომბრიდან, არამედ 2010 წლის 29 ოქტომბრიდან, წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან (ტომი 2, ს.ფ. 21-22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს მხარის მოუძიებლობას მის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთ დროს კანონი ადგენს, რომ სასამართლო უწყების ჩამბარებელი პირი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს, ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-ს» გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, - 42. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, დასახელებულ მისამართზე თ. თ-შვილისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა მის მეუღლეს, მ. პ-ნს. გზავნილის ჩაბარების თარიღია 2010 წლის 23 ოქტომბერი (ტომი 1, ს.ფ. 80). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული მიიჩნევა გადაწყვეტილების აპელანტისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 24 ოქტომბერს. ეს ვადა დასრულდა 2010 წლის 8 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მისმა წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით _ 2010 წლის 10 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ ნ. ჩ-ლს ჩაჰბარდა 2010 წლის 29 ოქტომბერს, საიდანაც სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა დაცულია. საქმის მასალების თანახმად, თ. თ-შვილის წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღია 2010 წლის 30 ოქტომბერი (ტომი 1, ს.ფ. 84). მოცემული დროისათვის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა უკვე დაწყებული იყო, რამდენადაც 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა აპელანტს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის დენაზე გავლენას ვერ მოახდენს აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის მოგვიანებით ჩაბარება.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილის მიმღები პირი არის თ. თ-შვილის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, იგი არ არის აპელანტის ოჯახის წევრი და მისთვის გზავნილის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, კერძოდ, მან სასამართლოს ვერ დაუდასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გზავნილის მიმღები პირი (მ.პ-ნი) არ წარმოადგენდა აპელანტის მეუღლეს. აქედან გამომდინარე, მითითებული არგუმენტი, საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-მა» გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ.პ-ის» კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდმეწარმე თ. თ-შვილი «გ. პ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.