ას-26-21-2011 10 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. წ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ლ. წ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში, ¹26-ე კორპუსში მდებარე ¹35 ბინაზე საზიარო უფლების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, იძულებითი აუქციონის წესით დადგინდა ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში, ¹26-ე კორპუსში მდებარე ¹35 ბინის გაყიდვა და ამონაგები თანხის თანაბრად განაწილება მ. კ-შვილსა და ლ. წ-ძეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ლ. წ-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ძალში დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-ძემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 160 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ლ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. წ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ აღნიშნული პერიოდისათვის არ ჰქონდა ადვოკატთან ურთიერთობა, ხოლო თავად არ იცოდა, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი სასამართლოში უნდა წარმოედგინა და ივარაუდა, რომ ბანკში ბაჟის გადახდით ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლებოდა. აღნიშნულის დასადასტურებლად, ლ. წ-ძემ კერძო საჩივარს დაურთო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. წ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 160 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ს.ფ. 193-195). საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ლ. წ-ძეს, კერძოდ, მის შვილს თ. ც-შვილს ჩაბჰარდა 2010 წლის 28 ივნისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე თ. ც-შვილის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 197). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 29 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივლისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ლ. წ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟი ვადაში გადაიხადა, მაგრამ აღნიშნული პერიოდისათვის არ ჰქონდა ადვოკატთან ურთიერთობა, ხოლო თავად არ იცოდა, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი სასამართლოში უნდა წარმოედგინა და ივარაუდა, რომ ბანკში ბაჟის გადახდით ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლებოდა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს ხაზგასმით დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ამავე სასამართლოში წარდგენა. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი. აქედან გამომდინარე, მართალია, კერძო საჩივარზე დართული ქვითრით დასტურდება აპელანტის მიერ 160 ლარის გადახდის ფაქტი 2010 წლის 5 ივლისს, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აპელანტს მითითებული ქვითარი დროულად არ წარუდგენია სასამართლოსათვის, რაც ასევე დავალებული ჰქონდა მას. ხოლო ის გარემოება, რომ მან არ იცოდა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უშუალოდ სასამართლოში უნდა წარმოედგინა, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან კანონის არცოდნა მხარეს არ ათავისუფლებს საპროცესო პასუხისმგებლობისაგან. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება და არ შეიძლება პირი უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინარობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ ლ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ლ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამიტომ მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. წ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.