Facebook Twitter

ას-264-249-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ჟურნალი “ს-ე” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ჟურნალ “ს-ესა” და ჟურნალისტ რ. ა-ძის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის _ შპს ჟურნალი “ს-ისათვის” 24900 ლარის, ხოლო ჟურნალისტ რ.ა-ძისათვის 100 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს ჟურნალ “ს-ეში” გამოქვეყნდა ზ.ბ-შვილის ინტერვიუ, სადაც ამ უკანასკნელმა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური მონაცემები გაავრცელა და მას “მოღალატე ცოლი” უწოდა. ნ.მ-ძე ზ.ბ-შვილის კანონიერი მეუღლე არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, მას ვერც უღალატებდა. აღნიშნული ცნობების გასაბათილებლად მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს, თუმცა მათ სადავო ფაქტების საჯაროდ უარყოფის შესაძლებლობა ნ.მ-ძეს არ მისცეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილიდან გამომდინარე, მათი ბრალეული ქმედება ნ. მ-ძესთან მიმართებით ვერ დაასაბუთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით საქმის წარმოება ჟურნალისტ რ.ა-ძის მიმართ შეწყდა მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო. ამავე სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით კი ნ.მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლო სხდომაზე მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე, 231-ე მუხლებით, 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ 2010 წლის 9 თებერვალს, 13.00 საათზე დანიშნული იყო ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა, რაც ნ.მ-ძეს 2010 წლის 29 იანვარს სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო უწყებით ეცნობათ. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. სასამართლო სხდომა გაიხსნა 10 წუთის დაგვიანებით და ამ პერიოდისათვის არც ერთი მხარე ¹13 დარბაზში არ გამოცხადებულა. სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ პალატა კიდევ 10 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა მხარეთა გამოცხადებას და შემდეგ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ნ.მ-ძე 2010 წლის 9 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, კერძოდ, 2010 წლის 1 თებერვალს ზ.ბ-შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც აპელანტს დაადეს ნაკერები, იგი იყო ცუდად და ჰქონდა თავის ტკივილები, რასაც ადასტურებს 2010 წლის 5 თებერავლს სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტი. მითითებულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. ამასთან, ზ.ბ-შვილმა ფსიქოლოგიური ტავმა მიაყენა ნ.მ-ძის ინვალიდ ქალიშვილს, რომელსაც ასევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დამხარება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

სააპელაციო სასამართლოში ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 9 თებერვალს, 13.00 საათისათვის.

საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტით ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ დასტურდება, რომ საქმის განხილვის თაობაზე აპელანტ ნ. მ-ძეს 2010 წლის 29 იანვარს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა. შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება 2010 წლის 8 იანვარს ჩაბარდა შპს ჟურნალ “ს-ესაც”.

2010 წლის 9 თებერვალს სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და არც თავიანთი გამოუცხადებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამასთან, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით ნ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ნ. მ-ძე საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რადგან 2010 წლის 1 თებერვალს ზ.ბ-შვილის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად იგი გახდა ცუდად, ასევე ზ.ბ-შვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მის ინვალიდ ქალიშვილ მ. ბ-ძეს. როგორც ნ.მ-ძეს, ისე მ.ბ-ძეს დასჭირდათ სასწრაფო სამინედიცინო დახმარება.

აღნიშნულ გარემოებათა დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა ქ.თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის უფროსი ექიმის მიერ ხელმოწერილი სამედიცინო ბარათები, რომელთა თანახმად 2010 წლის 24 იანვარს მ.ბ-ძეს დაესვა “ნევროტულობის” დიაგნოზი, ხოლო 2010 წლის 5 თებერვლის ბარათში აღინიშნა, რომ ნ.მ-ძე უჩივის თავის ტკივილს, უძილობას და მისივე გადმოცემით 4 დღის წინ მიიღო ტრავმა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და ნ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2010 წლის 9 თებერვლის სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოუცხადებლობასა და მის მიერ აღნიშნულის შესახებ სააპელაციო პალატისათვის შეტყობინებას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობები არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის ან მისი ოჯახის წევრის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. ამასთან, ნ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი ძველი თბილისის შს სამმართველოს II განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის 2009 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ირკვევა, რომ ნ.მ-ძესა და ზ.ბ-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა 2009 წლის 25 დეკემბერს. მითითებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 9 თებერვალს ნ. მ-ძეს სასამართლოში გამოცხადება და აღნიშნულის შესახებ მისთვის შეტყობინება არ შეეძლო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.