Facebook Twitter

ას-269-253-2011 7 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ბ-ელი

წარმომადგენელი _ მ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა «... 28», შპს «საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი» და სხვები.

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით (სარჩელით) მიმართა ი. ბ-ელის წარმომადგენელმა მ. ყ-შვილმა ამხანაგობა «... 28-ის», შპს «საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» და სხვების მიმართ და მოითხოვა შპს «თბილისის საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით ი. ბ-ელის წარმომადგენელ მ. ყ-შვილის სარჩელი (საჩივარი) ამხანაგობა «... 28-ის», შპს «საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» და სხვების მიმართ შპს «თბილისის საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის 90-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ბ-ელის წარმომადგენელმა მ. ყ-შვილმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ელის წარმომადგენელ მ. ყ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

მოცემულ შემთხვევაში ი. ბ-ელის წარმომადგენელი მ. ყ-შვილის კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც ი. ბ-ელის საჩივარი (სარჩელი) შპს «საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ-ელის წარმომადგენელ მ. ყ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-ელის წარმომადგენელ მ. ყ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.