Facebook Twitter

ას-270-254-2011 31 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ლ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჭ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. ჭ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის დაკისრება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ჭ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ლ-იას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100000 აშშ დოლარის, ასევე, კ. ჭ-იას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 1050 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-იას წარმომადგენლებმა თ. ქ-იამ და გ. ზ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და თ. ქ-იასა და გ. ზ-ძის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის (ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ. ლ-იას წერილობით გამოხატული ნება მასზე, რომ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს) სასამართლოში წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ლ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ლ-იას წარმომადგენელმა გ. ზ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან ლ. ლ-ია არ იმყოფებოდა საქართველოში, მისთვის უცნობი იყო ხარვეზის დადგენის თაობაზე, ხოლო მის რძალს – ს. ვ-ძეს, რომელმაც ჩაიბარა ხარვეზის შესახებ განჩინება, არც აპელანტისათვის და არც მისი წარმომადგენლებისათვის გზავნილის თაობაზე არ უცნობებია და, შესაბამისად, მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შეევსოთ ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ლ. ლ-იას წარმომადგენელ გ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და თ. ქ-იასა და გ. ზ-ძის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის (ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ. ლ-იას წერილობით გამოხატული ნება მასზე, რომ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს) სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინების ასლი ლ. ლ-იას ჩაჰბარდა 2011 წლის 13 იანვარს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის რძლის _ ს. ვ-ძის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 33). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 23 იანვარს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ლ. ლ-იას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ლ. ლ-ია არ იმყოფებოდა საქართველოში, მისთვის უცნობი იყო ხარვეზის დადგენის თაობაზე, ხოლო მის რძალს – ს. ვ-ძეს, რომელმაც ჩაიბარა ხარვეზის შესახებ განჩინება, არც აპელანტისათვის და არც მისი წარმომადგენლებისათვის გზავნილის თაობაზე არ უცნობებია და, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შეევსო ხარვეზი.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ წესის დაცვით ჩაბარებული უწყება ჩაბარებულად ითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უწყება ჩაჰბარდა ლ. ლ-იას ოჯახის სრულწლოვან წევრს (რძალს), ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, ლ. ლ-იამ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ლ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.