Facebook Twitter

ას-275-259-2011 11 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სს «თ-ის” მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა. კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო აბჟის გაადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავა ეხება განაცდურის ანაზღაურებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

აღნიშნული განჩინება ა. ღ-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 4 აპრილს. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

ა. ღ-შვილმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ავთანდილ ღრუბელაშვილს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება ა. ღ-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 4 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 7 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავა ეხება განაცდურის ანაზღაურებას და ამიტომაც კანონით იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილვეველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო კომპენსაციის ანაზღაურებას. აღნიშნული დავა არ ეხება არც ხელფასის გადახდევინებას და არც სხვა მოთხოვნას შრომის ანაზღაურების შესახებ. მოცემული დავიდან გამომდინარე საქმეებზე მხარეები არ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავთანდილ ღრუბელაშვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.