ას-277-262-10 22 ივნისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-შვილი
წარმომადგენელი_ვ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,საქ.ლადა”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. მ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,საქ.ლადას” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიერ გადახდილი ავტომანქანის ღირებულება _ 15 241 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ა. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა. მათ მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით, ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოებანი 2010 წლის 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდნენ აპელანტი ა. მ-შვილი და მისი წარმომადგენელი ვ. კ-შვილი. ამავე სხდომაზე განჩინებით განისაზღვრა მომავალი სხდომის თარიღი, რის თაობაზეც ეცნობათ სხდომაზე გამოცხადებულ პირებს, რაც დასტურდება ხელწერილზე მათი ხელმოწერით. რაც შეეხება მოწინაღმდეგე მხარე- სს ,,საქ.ლადას”, 2010 წლის 24 თებერვლის სხდომის დღის შესახებ უწყება ჩაჰბარდა სააქციო საზოგადოების დირექტორის ნ. წ-ლის მეუღლე-ზ. წ-ელს. აღნიშნული დადასტურებულია საფოსტო გზავნილით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები სათანადო წესით იყვნენ გაფრთხილებული სხდომის შესახებ, ხოლო მათ სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხარეთა გამოუცხადებლობა ჩათვალა არასაპატიოდ.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა.
კერძოს საჩივრის ავტორის, ა. მ-შვილის განმარტებით, 2010 წლის 24 თებერვლის სხდომაზე, მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მას ავადმყოფობის გამო ფიზიკურად არ შეეძლო მოძრაობა და მკურნალობის სახით დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი, აქვს ონკოლოგიური დაავადება, კერძოდ, ტარუჯრედოვანი სარკომა, რის გამოც შეზღუდული აქვს მოძრაობა. მკურნალობა საჭიროებს ხანგრძლივ პროცესს და თან ახლავს პერიოდული გართულებები, რამაც თავი იჩინა 2010 წლის 24 თებერვალს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა, მტკიცებულების სახით წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
რაც შეეხება ა. მ-შვილის წარმომადგენლის-ვ. კ-შვილის გამოუცხადებლობას სასამართლო სხდომაზე, აღნიშნულის თაობაზე კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ეს ფაქტი განპირობებული იყო ფეხის ტრავმით, რის გამოც მას 24 თებერვლისათვის არ შეეძლო გადაადგილება და დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. კერძო საჩივარს თან ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა ა. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეები 2010 წლის 24 თებერვლის სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ ხელწერილით, სადაც მითითებული იყო სხდომის დრო და თარიღი. (ტ II ს.ფ.67)
კერძო საჩივრის ავტორმა მისი და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა ავადმყოფობაზე და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც თან ერთვის კერძო საჩივარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და პირდაპირ მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. მართალია, ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, მაგრამ აღნიშნული ცნობით არ დასტურდება ა. მ-შვილის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. აღნიშნული ცნობით ა. მ-შვილის წოლითი რეჟიმი მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა. ონკოლოგიური დაავადება დროში განგრძობადი ხანგრძლივი პროცესია და ის გარემოება, რომ მხარე სარკომით დაავადებული პირია, ცალსახად არ წარმოადგენს პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველს. დასახელებული ცნობა არ შეიცავს მითითებას მხარისათვის გადაადგილების შემზღუდველ გარემოებებზე, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობაზე, მისი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ მიიღებს მხედველობაში ვ. კ-შვილის ავადმყოფობის დამადასტურებელ ცნობას. მართალია, ცნობაში მითითებულია მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი, მაგრამ არ ირკვევა რა სტატუსის მქონე პირი აწერს ხელს, არის თუ არა იგი დაწესებულების ხელმძღვანელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემულ ცნობას ანიჭებს გასაზიარებელი მტკიცებულების ძალას. დიაგნოზიც არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ მხარეს გადაადგილება არ შეეძლო, რის გამოც ვერ მიიღებდა მონაწილეობას 2010 წლის 24 თებერვლის სასამართლო სხდომაზე. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მხარეს შეეძლო წინასწარ მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის, ეცნობებინა პროცესზე გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე და ამით თავიდან აეცილებინა დამდგარი შედეგი, თუმცა აღნიშნულ მოქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ა. მ-შვილისა და მისი წარმომადგენლის ვ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-შვილისა და მისი წარმომადგენლის ვ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.