Facebook Twitter

ას-286-270-11 11 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:Bბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

Nნ.კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. რ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. რ-შვილს რ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 35 500 აშშ დოლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 398 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 1800 ლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, თ. რ-შვილის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, - ქ.¹51-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ თ. რ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით თ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქმეზე დადგენილია, რომ:

სააპელაციო პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტ თ. რ-შვილს დაევალა მისთვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სათანადო რაოდენობით დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

აპელანტ თ. რ-შვილის წარმომადგენელმა გ. წ-ძემ 2010 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თ. რ-შვილის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან უკიდურეს შემთხვევაში ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება. ამასთან, სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ თ. რ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა მხარისათვის ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 20 დღით. მასვე განემარტა, რომ, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა.

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით _ 2010 წლის 29 დეკემბერს, რომლის მიხედვით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2011 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი ვადაში არ შეავსო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილველად დატოვებას ექვემდებარება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. რ-ვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. რ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. რ-შვილს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (1 420 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) და სათანადო რაოდენობით დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. იმავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი თ. რ-შვილის წარმომადგენელს გ. წ-ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 29 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბართით (ს.ფ. 89) აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 20 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 18 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში თ. რ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მოტივებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე, სადაც აქცენტი გაკეთებულია თ. რ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე და მის სოციალურ მდგომარეობაზე. თუმცა, კერძო საჩივრის ავტორს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მას ხარვეზი დაენიშნა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისთვის, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობისათვის. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ხარვეზის ძირითად ვადაში და არც დამატებით მიცემულ ვადაში. ამდენად, რომც იქნეს მხედველობაში მიღებული თინა რევიშვილის ქონებრივი მდგომარეობა, ფაქტია, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული სასამართლოს მითითებები დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთიასის სააპელაციო სასამართლომ თ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. რ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.