საქმე # 160100119002878807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№443აპ-20 29 ოქტომბერი 2020 წელი
ჯ. ხ., 443აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ხ. ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს. ი-მ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ხ. ჯ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ. ჯ., - დაბადებულს 19-- წლის 23 დეკემბერს, - ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ... მდებარე ხ. ჯ-სა და ს. ი-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ხ. ჯ. მუშტების ცხვირისა და თავის არეში დარტყმების, ე.წ. ,,მაშის“ ხელის არეში დარტყმისა და ფეხების სხეულზე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ს. ი-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ხ. ჯ. წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით ხ. ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ხ. ჯ-სათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დანაშაულის ჩადენის თაობაზე დაზარალებულის შეტყობინებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით, 2019 წლის 24 იანვრის დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და მოწმეების - გ. ო-სა და ბ. ჯ-ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილად მიიჩნიეს შემთხვევის დღეს ხ.ჯ-ს მხრიდან თავისი ოჯახის წევრის - ს. ი-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და ეთანხმება.
3. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, გამოიწვია თუ არა მეუღლის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწმე, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის, არის თავად დაზარალებული ს. ი., რომელმაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო სხვა მტკიცებულებები ამ სადავო გარემოების დასადგენად არ გამოდგება.
4. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ს. ი-მ სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - ხ. ჯ-ს მამხილებელი ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლომ დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5. საკასაციო პალატა, როგორც სხვა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობდა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის - სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და დაზარალებულის უფლებების განმარტებას, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ შეურიგდა მეუღლეს, მის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს და ბოლოს, არ მისცა ხ. ჯ-ს მამხილებელი ჩვენება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ი-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას) მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
6. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
7. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ს. ი-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ხ. ჯ-ს მამხილებელი ჩვენება სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც ხ. ჯ.ს მხრიდან მეუღლზე ფიზიკური ძალადობა და ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა არ მიიჩნია საკმარისად ს. ი-ს მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის დასადგენად, ურომლისოდაც გამოკვეთილი არ არის ხ. ჯ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
9. საკასაციო პალატა განმარტავს: ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.
10. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილის დადგენა შეუძლებელია თავად დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის ფაქტობრივად (ობიექტურად) დასადასტურებლად, კერძოდ:
11. სამედიცინო ექსპერტიზის №. დასკვნით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 23 იანვარს, პირადი გასინჯვისას, ს. ი. უჩიოდა თავის, სახისა და ხელების არეში ტკივილს; ცხვირზე აღენიშნებოდა მოწითალო, უსწორო ფორმის სისხლჩაქცევა, ზომით - 1,5x1,2 სმ, ზედაპირზე მოწითალო, ზედაპირული, უსწორო ფორმის, უფუფხო ნაჭდევით, ზომით - 0,5x0,3 სმ, ხოლო შუბლზე, მარცხნივ, თავის თმიან ნაწილთან აღენიშნებოდა მოწითალო, უსწორო ფორმის, შესიებული სისხლჩაქცევა, ზომით - 1,8x1,8 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. საექსპერტო კვლევისას, დაზარალებულის გადმოცემით, დაზიანებები 2019 წლის 22 იანვარს მიაყენა მეუღლემ, რომელმაც მუშტი ჩაარტყა სახეში, წააქცია და სხეულის სხვადასხვა არეში სცემა მუშტებით, ფეხებითა და ნაცრის საჩხრეკი ე.წ. ,,მაშით“. ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ ძალადობიდან მეორე დღესაც კი დაზარალებული უჩიოდა ტკივილს სხეულის დაზიანებულ მიდამოებში, რაც, ძალადობის ხარისხის, დანაშაულის ხერხისა და საშუალების გათვალისწინებით, უპირობოდ გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ ს. ი-ს შესაძლოა, ტკივილი არ განეცადა ფიზიკური ძალადობის დროს.
12. 2019 წლის 24 იანვრის დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოში ნათლად ჩანს დაზიანება, რომელიც ს. ი-ს აღენიშნებოდა ხ. ჯ-ს ძალადობის შედეგად.
13. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამედიცინო ექსპერტის - გ. ო-ს ჩვენებით, ვინც პირადად გასინჯა ექსპერტიზის პროცესში დაზარალებული ს. ი. და გამომძიებელ - ბ. ჯ-ს ჩვენებით, რომელმაც ვიზუალურად დაათვალიერა დაზარალებული, რომელთა ჩვენებები არის პირდაპირი მტკიცებულებები დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით, დასტურდება, რომ ს. ი. მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად განიცდიდა ტკივილს.
14. საკასაციო პალატას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმისა და მოწმეების - გ. ო-სა და ბ. ჯ-ს ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ხ. ჯ-ს ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს და, ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ს. ი-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რომლის კვალიფიკაციაზე საკასაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმოდგენილ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ხ. ჯ-ს მიერ ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ჩადენილი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
17. საკასაციო პალატა დასძენს, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
19. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №355აპ-18, სამოტივაციო ნაწილის პუნქტი 4).
20. საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს ხ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს - ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელიც მისი გავრცელების მასშტაბის შესაბამისად საფრთხის მატარებელია; ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - ხ. ჯ. ხელებით, ფეხებითა და ე.წ. ,,მაშით“ მიაყენა მეუღლეს დაზიანებები და დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია და მიაჩნია, რომ ხ. ჯ. სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
21. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის (2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, ხ. ჯ. შეფარდებული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ხ. ჯ-ს მიმართ;
3. ხ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ხ. ჯ. შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად;
5. ნივთმტკიცება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ე.წ. ,,მაშა“ დაუბრუნდეს დაზარალებულს;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი