ას-288-272-11 11 აპრილი, 2011 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ.-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კ. მ.-ის, გ. მ.-ის, ბ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: კ. მ.-ეს, გ. მ.-სა და ბ. ხ.-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ვ. ქ.-ის სასარგებლოდ 70 000 აშშ დოლარის გადახდა; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხის ამოღება უნდა მოხდეს მოპასუხე ბ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისში, გ.-ს ქ.¹17ა-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის შედეგად ამოღებული სახსრების ხარჯზე, მოპასუხეებს: კ. მ.-ეს, გ. მ.-ესა და ბ. ხ.-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ქ.-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბ. ხ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ.-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ბ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის ხარვეზის განჩინებით ბ. ხ.-ეს სააპელაციო სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 2 800 აშშ დოლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად.
ბ. ხ.-ემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ სააპელაციო საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ბ. ხ.-ეს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში, აპელანტს უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს შეუქმნიდა უდავო რწმენას, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია ან საერთოდ, ან დროის მოკლე მონაკვეთში.
2011 წლის 18 იანვარს ბ. ხ.-ის მიერ წარდგენილ განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე თან არ ახლდა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
2011 წლის 10 იანვრის განჩინება ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2011 წლის 12 იანვარს ბ. ხ.-ის მეუღლე დ. ხ.-ეს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინების ასლი ბ. ხ.-ემ ჩაიბარა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა 2011 წლის 20 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ბორის ხელაძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ხ.-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრისა და 10 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა განცხადება სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, ვინაიდან ის და მისი ოჯახის წევრები უმუშევრები არიან და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მდგომარეობა და არ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალების თანახმად, აპელანტს ბ. ხ.-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, ამავე პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა, ამასთან არაერთხელ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
რაც შეეხება აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა თავისი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამგვარი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მხარემ სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად წარმოჩინდება მისი გადახდის უუნარობა. მოცემულ შემთხვევაში ბ. ხ.-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ს.ფ. 87), რომლითაც იგი ცდილობს დაასაბუთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, არ იძლევა საფუძველს მისი გადახდისუუნაროდ მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ხ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.