Facebook Twitter

ას-291-275-11 21 მარტი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: Bბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

Nნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ს.» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. თ-ია, გ. უ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ხელის შემშლელი ნაგებობის დანგრევა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 20 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ს-მ“, მოპასუხედ დაასახელა ბ. თ-ია, გ. უ-ძე და ხელის შემშლელი ნაგებობის დანგრევა მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მ“, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს „ს-ს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტი დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. თ-იამ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს-ს» დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2011 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომის დღე მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებოდა, სხდომის გადადების მოთხოვნით მან წერილობით აცნობა სასამართლოს, რასაც თან დაურთო ბილეთის ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო შპს ,,ს-ს» დირექტორის მ. კ-ძის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის ,,გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 26 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო შპს ,,ს-სთვის» (ს.ფ. 171) აპელანტი მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის პროცესის დაწყებამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს შპს ,,ს-ს» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალტა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში არ არის მითითებული იმ საფუძვლების შესახებ, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება შეიძლება გაუქმდეს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს იმ გარემოებაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საქართველოში არყოფნით, რასაც ადასტურებს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სამგზავრო ბილეთით, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2011 წლის 25 იანვარს, სასამართლო სხდომის წინა დღეს. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ აპელანტს ეცნობა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 ივლისს, ანუ სასამართლო სხდომამდე 11 დღით ადრე. აქედან გამომდინარე, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრება არ წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, თუ ეს არ არის გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. გარდა ამისა, აპელანტი ვალდებული იყო, გამოეჩინა მეტი კეთილსინდისიერება და გულისხმიერება და გონივრულ ვადაში ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აპელანტს შეეძლო საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც ასევე არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს-ს» დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.