ას-291-276-10 10 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ნ.-...” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “მ. ე.” (მოსარჩელე)
დავის საგანი – დავალიანების გადახდა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “მ.-ე.” მოპასუხე შპს “ნ.-.....-ის” მიმართ და მოითხოვა დავალიანების _ 180 133.54 ლარისა და თანხის გადაცილებით მიყენებული ზიანის _ 52 238 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.-ე.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 409 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ნ.-....-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს “ნ. .....-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მას განესაზღვრა საპროცესო ვადა _ 7 დღე და დაევალა მოთხოვნის დაზუსტება. განჩინება ხარვეზის შესახებ აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.
შეტყობინების ჩაბარების შესახებ გზავნილადან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს გ. მ-ძეს, კერძოდ, კი მის მეუღლეს, ნ. ჭ-ძეს, 2010 წლის 12 თებერვალს. საქმის მასალებით, კერძოდ კი რწმუნებულებით დასტურდება, რომ შპს “ნ.-....” გ. მ-ძეს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებს გადანდობის უფლებით. თავის მხრივ, გ. მ-ძემ შპს “ნ.-.....-ის” სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა დ. კ-შვილს. ორივე მათგანი აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულია წარმომადგენლად. საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მიერ გ. მ-ძისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 12 თებერვალს.
ხარვეზის შევსების 7 _ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 13 თებერვლიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ვადის ბოლო დღე არის 2010 წლის 19 თებერვალი, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა ხარვეზის შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ _ 2010 წლის 22 თებერვალს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ნ.-....-მა”. მან განმარტა, რომ შეტყობინებაში დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, ვინაიდან რეალურად განჩინება ჩაბარებულ იქნა 13 თებერვალს, შაბათ დღეს, ხოლო განჩინებაში დაფიქსირებული 7 _ დღიანი ვადა მითითებული თარიღიდან გადიოდა 2010 წლის 20 თებერვალს და ვინაიდან 20 თებერვალი ემთხვეოდა არასამუშაო დღეს _ შაბათს, განცხადება ჩააბარეს მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ, 2010 წლის 22 თებერვალს და აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა არ დაურღვევიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ნ. .....-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ განჩინება ჩაჰბარდათ 13 თებერვალს და აქედან უნდა დაიწყოს ვადის ათვლა.
დადგენილია, რომ შპს “ნ.-....-ს” სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მას მიეცა 7 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებდ. ხარვეზის განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ხარვეზის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გ. მ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 12 თებერვალს, კერძოდ, მის მეუღლეს, ნ. ჭ-ძეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ის უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 12 თებერვალს. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა ამოიწურა 2010 წლის 19 თებერვალს. აპელანტმა კი ხარვეზის შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ _ 2010 წლის 22 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად შპს “ნ.-....-ის” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ნ. ....-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.