ას-296-279-10 10 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ბ-ური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. მ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – განქორწინება, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 11 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ხ. მ-შვილმა ზ. ბ-ურის მიმართ განქორწინების, არასრულწლოვანი შვილებისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. მ-შვილის სარჩელი განქორწინებისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა ქორწინება ხ. მ-შვილსა და ზ. ბ-ურს შორის, რეგისტრირებული 2004 წლის 24 მაისს, სოფელ ... საკრებულოს მიერ, ¹0033246 სააქტო ჩანაწერით. 2002 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული ნ. ბ-ურის, 2005 წლის 8 ივნისს დაბადებული ი. ბ-ურისა და 2006 წლის 20 ნოემბერს დაბადებული მ. ბ-ურის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა _ დედის ხ. მ-შვილის საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე ზ. ბ-ურს დაეკისრა ნ. ბ-ურის, ი. ბ-ურისა და მ. ბ-ურის სარჩოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულზე 50 (ორმოცდაათი) ლარი, სულ 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომლის გადახდა დაიწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან, მდგომარეობის შეცვლამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. ბ-ურის წარმომადგენელმა მ. ც-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ზ. ბ-ურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. მ-შვილის სარჩელი განქორწინებისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ.
საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ზ. ბ-ურის ნათესავს _ ც. ბ-ურს 2010 წლის 29 იანვარს.
ზ. ბ-ურის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გორის რაიონი, სოფელი .... საქმის მასალები მოწმობს, რომ საქმის წარმოების განმავლობაში ზ. ბ-ურისათვის სასამართლოს გზავნილების ჩაბარება ხორციელდებოდა სწორედ ამ მისამართზე. სააპელაციო საჩივარში საცხოვრებელ მისამართად აპელანტი სწორედ ამ მისამართს უთითებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებაც ამ მისამართზე მოხდა ნათესავის _ ც. Bბ-ურის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება აპელანტზე 2010 წლის 29 იანვარს. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 30 იანვრიდან, ვინაიდან, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 თებერვალს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა გორის რაიონულ სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2010 წლის 23 თებერვალს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ბ-ურის წარმომადგენელმა მ. ც-ძემ და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით უარი ეთქვათ საჩივრის დასაშვებობაზე და იგი დატოვებულ იქნა განუხილველად. განჩინებაში მითითებულია, რომ თითქოს აპელანტისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 30 იანვრიდან, ზ. ბ-ურისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებიდან, რაც მისი აზრით არასწორია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 _ დღიანი ვადის ათვლა იწყება უშუალოდ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ გზავნილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს და არა გარეშე პირს – მეზობელს, რომლისთვისაც გზავნილის ჩაბარებას კანონმდებლობა არ ცნობს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. წარმომადგენელი ასევე უთითებს, რომ სასამართლომ 2010 წლის 10 თებერვალს ჩააბარა გადაწყვეტილება და გასაჩივრების ვადაც დაიწყო 10 თებერვლიდან. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ჩაჰბარდა 2010 წლის 23 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. ბ-ურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ზ. ბ-ურის ნათესავს _ ც. ბ-ურს 2010 წლის 29 იანვარს.
ზ. ბ-ურის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გორის რაიონი, სოფელი .... დადგენილია, რომ საქმის წარმოების განმავლობაში ზ. ბ-ურისათვის სასამართლოს გზავნილების ჩაბარება ხორციელდებოდა სწორედ ამ მისამართზე, სააპელაციო საჩივარში საცხოვრებელ მისამართად აპელანტი სწორედ ამ მისამართს უთითებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებაც ამ მისამართზე მოხდა ნათესავის _ ც. ბ-ურის მიერ.
სსსკ-ის 74-ე მუხლის პარველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევაშიც.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 14 იანვრის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 29 იანვარს, შესაბამისად ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს ამ დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 თებერვალს. ზ. ბ-ურმა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 23 თებერვალს, 14 _ დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.