ას-299-283-11 14 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის და 28 იანვრის განჩინებებზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 10 აგვისტოს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი. ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა მოსამართლე თ. ზამბახიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი. ასევე არ დაკმაყოფილდა ა. ღ-შვილს შუამდგომლობა საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის და 28 იანვრის განჩინებების გაუქმება მოითხოვა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, ა. ღ-შვილი კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინებებს, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება გამოტანილ იქნა ა. ღ-შვილის კერძო საჩივარზე, რომელიც წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე. საკასაციო პალატა ა. ღ-შვილს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინების დამატებით გადასინჯვას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებას, იგი ეხება ა. ღ-შვილის შუამდგომლობაზე უარის თქმას მოსამართლე თ. ზამბახიძის აცილების შესახებ. საკასაცო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, აცილების თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამდენად, აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება დამოუკიდებლად გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე, 285-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.