Facebook Twitter

ას-305-287-2010 10 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. დ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, ბ. დ-შვილის სარჩელის გამო გოგი მამარდაშვილის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით ბ. დ-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.II, ს.ფ. 59-60).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდა ბ. დ-შვილის ოჯახის წევრს – შვილს მ. დ-შვილს 2010 წლის 13 აპრილს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ტ.II, ს.ფ. 62).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. დ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. დ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.