ას-309-291-10 10 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “გ.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “შ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “გ.” მოპასუხე სს “შ.” მიმართ და მოითხოვა, რომ შპს “შ.” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა გადმოცემული მიწის ნაკვეთზე აშენებული და სს “შ.” დანგრეული ლითონის ჯიხურის ღირებულება 7325 ლარი, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად იჯარით გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული და სს “შ.” მიერ დანგრეული კაპიტალური შენობის ღირებულება 12 675 ლარის დაკისრება, მოსარჩელის საქმიანობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის _ 101 190 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “გ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით შპს “გ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს “გ.ს” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “გ.” თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე და 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განუმარტა, რომ აპელანტს საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული დადგენილებით დასტურდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა შპს “გ.” ქონების განადგურების თაობაზე, შეწყდა და გაუქმდა დადგენილება ა. გ-იას დაზარალებულად ცნობის თაობაზე, შესაბამისად აპელანტი არ შეიძლება მიჩნეულიყო პირად, რომელსაც დანაშაულით მიადგა მატერიალური ზიანი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა შპს “გ.”. მან განმარტა, რომ შპს “გ.” წარმომადგენელმა ა. გ-იამ მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გათავისუფლებულიყო შპს “გ.” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მითითებულ მუხლზე დაყრდნობით სასამართლოს შეეძლო ემსჯელა და გაეთავისუფლებინა შპს “გ.” ბაჟის გადახდისაგან, რაც სასამართლომ არ გააკეთა. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა შპს “გ.” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მიუხედავად იმისა, შეწყდება თუ არა სისხლის სამართლის საქმე, მხარეს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილვალად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “გ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს “გ.” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შპს “გ.” წარმომადგენელმა ა. გ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით. შპს “გ.” წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით შპს “გ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ასევე დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა შპს “გ.” ქონების განადგურების თაობაზე, შეწყდა და გაუქმდა დადგენილება ა. გ-იას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტი შპს “გ.” არ შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულად, რომელსაც დანაშაულით მიადგა მატერიალური ზარალი, შესაბამისად, მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს შეეძლო ასევე გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მან ვერ დაადასტურა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საპატიო საფუძველი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა შპს “გ.” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “გ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.