Facebook Twitter

ას-313-297-11 24 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ს-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ჯ. მ-ს» მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 2 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ძის საარბიტრაჟო პრეტენზია; მოპასუხე ე. ს-ძეს ნ. ს-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: 15 000 აშშ დოლარი _ სესხის ძირითადი თანხა; 2 415 აშშ დოლარი 2009 წლის 6 აპრილიდან 2009 წლის 15 ივნისდამდე, ხელშეკრულებით გათვალისწიბებული სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის 7 %; 30 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2009 წლის 15 ივნისიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე _ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. სესხის ძირითადი თანხის 0,2%; 430 ლარი _ ნ. ს-ძის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე გადახდილი სარბიტრაჟო მოსაკრებელი; 200 ლარი _ ნ. ს-ძის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადებაზე; აღნიშნული თანხების გადაუხდელობის შეთხვევაში, ე. ს-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ... ქ. 63ა, უნდა აღრიცხულიყო ნ. ს-ძის საკუთრებაში.

იმავე არბიტრაჟის 2009 წლის 8 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ე. ს-ძის მიერ 2009 წლის 2 ივლისისათვის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღისთვის) გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობის გამო მესაკუთრე ე. ს-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ... ქ. 63ა, უნდა აღრიცხულიყო ნ. ს-ძის საკუთრებაში.

2011 წლის 14 იანვარს ე. ს-ძემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ს-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება უნდა აღრიცხულიყო ნ. ს-ძის საკუთრებაში; ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ასევე _ განსახილველი საჩივრის უზრუნველყოფა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ე. ს-ძის საჩივარი შპს «ჯ. მ-ს» მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 2 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 8 ივლისის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ე. ს-ძის განცხადება (შუამდგომლობა) საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 42.2 მუხლის დანაწესი უნდა გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართაც, ვინაიდან ეს დანაწესი წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმას და შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ახალი კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 1 იანვრამდე, მაშინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის შეტანის 90 დღიანი ვადის დენა უნდა დაიწყოს არა მხარისათვის გადაწყვეტყილების ჩაბარებიდან, არამედ ახალი კანონის ამოქმედების დღიდან, ანუ 2010 წლის 1 იანვრიდან. Aამ ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ე. ს-ძის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2009 წლის 2 ივლისს ესწრებოდა მოცემული საქმის განხილვას და ამასთან 2009 წლის 17 ივლისს მის მიერ მითითებულ მისამართზე მას გაეგზავნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები საჩივარი შეტანილია 2011 წლის 14 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, დასტურდება, რომ 2009 წლის 8 ივლისს ე. ს-ძისათვის უკვე ცნობილი იყო სადავო გადაწყვეტილებებისა და სააღსრულებო ფურცლის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაენიშნა ხარვეზი იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება ვერ ჩაბარდა მხარეს იმ მიზეზით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა საჩივარში მითითებულ მისამართზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ე. ს-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. მოცემულ შემთხვევაში, ე. ს-ძე კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი საჩივარი შპს «ჯ. მ-ს» მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 2 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 8 ივლისის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ე. ს-ძის განცხადება (შუამდგომლობა) საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ს-ძის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე. ს-ძის მიერ ხარვეზის შევსების შემთხვევაშიც დადგებოდა იგივე საპროცესო შედეგი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება