Facebook Twitter

ას-316-300-11 11 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:Bბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

Nნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ი-იანი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ო. კ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ი-შვილი, თ. ქ-ავა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. ი-იანის წარმომადგენლებმა ო. კ-შვილმა და ე. გ.ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. იმავე სააპელაციო საჩივრით აპელანტმა გაასაჩივრა 2010 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. ი-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქმეზე დადგენილია, რომ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, სახელმწიფო ბაჟის - 2 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრისა და 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენლებს ო. კ-შვილსა და ე. გ.ძეს ჩაბარდათ 2010 წლის 21 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 27 დეკემბერს.

დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ი-იანის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელტა განცხადებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდეგ მ. ი-იანის მიერ 2010 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან ბაჟის გადახდევინების გადავადების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ მ. ი-იანის მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, საქმის წარმოების მსვლელობისას მოულოდნელად განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, შპს „ს-იდან“ და მოესპო ყოველგვარი საარსებო წყარო, რის გამოც ვერ მოახერხა არც თუ ისე მცირე ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებზე, რომელთა შესაბამისად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელთა განმარტებით, წარდგენილი განცხადებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოსთვის თავიდანვე იყო ცნობილი აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების წარმოებაში მიღებისას არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, იმავე პალატის 2010 წლის 29 ნოემბრისა 17 დეკემბრის განჩინებებით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა, ამასთან არაერთხელ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

რაც შეეხება აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა თავისი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლების, ხარჯების გადახდის გადავადების და მათი ოდენობის შემცირების საფუძველი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამგვარი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მხარემ სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად წარმოჩინდება მისი გადახდისუუნარობა.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მ. ი-იანი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია და ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად არ წარმოუდგენია, შესაბამისად მხოლოდ გარემოებაზე მითითება ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.