Facebook Twitter

საქმე #110100118002626639

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№546აპ-20 ქ. თბილისი

ჩ–ი ლ., 546აპ-20 18 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ლ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; მოწმეებმა - ნ. მ–მ, გ. ზ–მა და შ. ც–მა, რომლებიც ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაადასტურეს, რომ დაზარალებულმა თ. ჩ–მა აჩვენათ მის სხეულზე ძალადობის კვალი და მიუთითა მოძალადე ლ. ჩ–ზე; სასწრაფო დახმარების ექიმმა - ლ. ნ–მა აღნიშნა, რომ დაზარალებულმა უამბო, როგორ მიაყენა მეუღლემ ფეხზე დაზიანება; თ. ჩ–ის სხეულზე ძალადობის კვალი დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დაკვნით; მოწმე ქ. ა–ის ჩვენებითა და დაზარალებულთან მისი მიმოწერით ირკვევა, რომ თ. ჩ–ს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დააკავეს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ლ. ჩ–ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, .................ში, ............ ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლ. ჩ–მა, რომელიც იყო განაწყენებული, მარცხენა ბარძაყის არეში დაარტყა ფეხი მეუღლეს - თ. ჩ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

3. ლ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ლ. ჩ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენითზე სტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9.საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ლ. ჩ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივრის დიდი ნაწილი ეთმობა სულ სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესა და იმავე საქმის მტკიცებულებებს, რომლებიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის არარელევანტურია და საკასაციო პალატა მათ არ შეეხება; ლ. ჩ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებიდან მოწმეების - ნ. მ–ის, გ. ზ–ის, შ. ც–ის, ლ. ნ–ისა და ქ. ა–ის ჩვენებები, რომლებზეც ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში უთითებს, არის ირიბი; დაზარალებულმა თ. ჩ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულეების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ. ჩ–ის ბრალეულობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი