Facebook Twitter

ას-318-302--11 11 აპრილი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:Bბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

Nნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. გ-ნია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ა-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-შვილის სარჩელი ე. გ-ნიას მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ე. გ-ნიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით განუხილველი დარჩა ე. გ-ნიას სააპელაციო საჩივარი. საქმეზე დადგენილია, რომ:

აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარსადგენად. იმავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ე. გ-ნიას გაეგზავნა და 2010 წლის 25 დეკემბერს აპელანტის ოჯახის წევრს, ბიძას ჩაბარდა.

პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი 2010 წლის 26 დეკემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 4 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2011 წლის 4 იანვრის ჩათვლით.

სააპელაციო პალატის სამართლებრივი მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ ე. გ-ნიას არც ხარვეზის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოსათვის არ მოუმართავს განცხადებით ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ.

ზემოაღნიშნულის გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, ე. გ-ნიას სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-ნიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ჩაბარდა 2010 წლის 25 დეკემბერს ბიძას, ზვიად ქუთათელაძეს. მართალია ის ნამდვილად მისი ბიძაა, მაგრამ არ ცხოვრობს მასთან. ამასთან, პირადად მისთვის 2010 წლის 22 დეკემბრის ხარვეზის განჩინების შესახებ ცნობილი გახდა 2011 წლის 28 იანვარს. ე. გ-ნია ითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ხარვეზის შესავსებად გაშვებული ვადა ჩაეთვალოს საპატიოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო ე. გ-ნიას კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. გ-ნიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ე. გ-ნიას გაეგზავნა და 2010 წლის 25 დეკემბერს აპელანტის ოჯახის წევრს, ბიძას ჩაბარდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინების აპელანტის ბიძისთვის ჩაბარება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია განჩინების უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარებად.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებისას ე. გ-ნიას ბიძას არ განუცხადებია უფლებამოსილი პირისათვის, რომ იგი არ ცხოვრობდა ...ის 11ა, ბინა 5-ში, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსთვის, რომლებითაც დადასტურდებოდა ე. გ-ნიას ბიძის სხვა საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ადრესატის ბიძისთვის ხარვეზის განჩინების ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ იგი აღარ ცხოვრობს ზემოთმითითებულ მისამართზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე. გ-ნიამ როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე კერძო საჩივარში ძირითად მისართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) მიუთითა ...ის 11ა, ბინა 5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. გ-ნიამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ე. გ-ნიას მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ნიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.